ეკონომიკური და ფინანსური წნეხის გამო, 2024-2025 წლები გამორჩეულად მძიმე აღმოჩნდა რამდენიმე მედიასაშუალებისთვის. ზოგმა მედიამ მუშაობა შეწყვიტა, რამდენიმე მედიასაშუალებამ კი გაავრცელა განცახდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი დახურვის ზღვარზე არიან.
“მთავარი არხი”
2025 წლის 1 მაისს, დაარსებიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ, პროოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიის განცხადების თანახმად, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საკუთარი პირადი მიზნებითა და შურისძიებით, მაუწყებელი დახურვამდე მიიყვანა.
ტელევიზიაში მიმდინარე კრიზისის შესახებ პირველი საჯარო განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ, 2024 წლის 12 დეკემბერს გააკეთა. მისი განცხადებით, დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანამფლობელი, არხზე ზეწოლას ახორციელებდა მისი დახურვის მიზნით. გაბუნიამ ეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილთან დავის მოგვარების მცდელობას დაუკავშირა, რასაც ოპოზიციურად განწყობილი არხის გათიშვა მოჰყვა.
გაბუნია დირექტორის პოსტზე 2024 წლის თებერვალში დაინიშნა, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ. გვარამია 2022 წელს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე გასამართლდა, ხოლო 2023 წელს იგი პრეზიდენტმა შეიწყალა. შემდგომში, ის პოლიტიკაში ჩაერთო და პოლიტიკური პარტია “ახალი” დააფუძნა. 2024 წელს გვარამიამ არხის მენეჯმენტი დატოვა და თავისი წილი მეუღლეს გადასცა.
ლიტერატურული ჟურნალი “არილი“
2024 წლის 8 მაისს, ჟურნალ “არილის” არსებობიდან 30-ე წელს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, შეწყდა “არილის” დაფინანსება კულტურის სამინისტროდან.
ჟურნალის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად აღიქვა. მომხდარი მათ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობისადმი რედაქციის წევრების მიერ გამოხატულ სოლიდარობას დაუკავშირეს: “არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით, არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. “არილმა“ მხარი დაუჭირა ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას. „არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.
ჟურნალმა, ამავე განცხადებით, დახმარება მკითხველებს სთხოვა. “არილი” არსებობას, ამ დრომდე, გულშემატკივრების ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს.
ტელეკომპანია “ბორჯომი”
2024 წლის ბოლოს მაუწყებლობა შეაჩერა 27-წლიანი ისტორიის მქონე რეგიონულმა მაუწყებელმა, ტელეკომპანია „ბორჯომმა”. ტელეკომპანია სამცხე-ჯავახეთიდან მაუწყბელობდა და ძირითადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. დეტალები, რატომ შეწყდა მაუწყბელობა, ტელეკომპანიას არ დაუზუსტებია: “2024 იყო ყველაზე რთული, კრიზისული და მორალური გამოწვევებით სავსე წელი. იძულებული ვართ დღეიდან დროებით შევაჩეროთ მაუწყებლობა”, – ნათქვამი იყო ტელეკომპანიის მიერ 2024 წლის 31 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია “TV 25”
2025 წლის 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “TV 25”, რომელიც 32 წლის განმავლობაში მაუწყებლობდა აჭარაში, იყიდებოდა. განცხადება თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა. ბევრი დეტალი არც ამ შემთხვევაში გასაჯაროებულა. “„TV 25” -ის სპეციალური განცხადება! პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით “TV 25”-ის 100%-იანი წილი იყიდება!“ – ნათქვამი იყო განცხადებაში. გამოცემა bm.ge-სთან ტელეკომპანიის დირექტორმა, მურთაზ ფრანგულაშვილმა, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აქციონერებმა მიიღეს. იმ დროისათვის ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანიის აქციების 51% ფლობდა ჯემალ ვერძაძე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. არხის 49%-ის მფლობელი კი გიორგი სურმანიძე იყო. 2025 წლის 1 ივლისის მეწარმე/იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, არხის 51%-ის მფლობელი არის ნარიკო ჯიჯავაძე. ?????
ამ განცხადებამდე, 2025 წლის 20 იანვარს არხმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 1 იანვრიდან არხმა საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეაჩერა.
რადიოჰოლდინგი “ჰერეთი”
2025 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო რადიოჰოლდინგი „ჰერეთის“ საბანკო ანგარიშებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ დაწერა სოციალურ ქსელში და დახმარება ითხოვა. რადიოჰოლდინგი “ჰერეთი” აერთიანებს სამ რადიოს: თბილისში – რადიო „თბილისს“, კახეთში – რადიო „ჰერეთს“ და ბათუმში – რადიო „ციტრუსს“. როგორც რამაზ სამხარაძე წერს, ინკასო მაშინ დაედოთ, როდესაც რადიო “თბილისი” ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად ემზადებოდა და უკვე გადახდილიც ჰქონდა შესაბამისი თანხა. “არაფერია შემთხვევითი. როცა დამოუკიდებელი მედიის ხმა გესმით და ის ხმამაღლა საუბრობს, პასუხიც სწრაფია — ანგარიშზე ჩარევა, ფინანსური წნეხი, ბერკეტი და ზეწოლა. ყველაფერი კავშირშია”, – წერს სამხარაძე.
ტელეკომპანია “თრიალეთი”
2025 წლის 30 ივნისს, შიდა ქართლში ბაზირებულმა ტელეკომპანია “თრიალეთმა” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურმა „10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო” ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს ინკასო დაადო. განცხადებაში წერია, რომ ამ ფაქტის გამო შესაძლოა მაუწყებლობის შეწყვეტა მოუწიოთ: „ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტოენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება“.