სამოქალაქო აქტივისტი თაკო გვილია, პოლიციელის შესახებ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნეს

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია,  Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გადაწყვტილება 27 იანვარს მიიღო.

2026 წლის 14 იანვარს თაკო გვილიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი (ა.ს.კ 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომელშიც ეწერა, რომ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც პოლიციელ ნიკოლოზ თორდიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა „უშვერი“ სიტყვებით – „ფარჩაკი ზუგდიდელი მილიციელი“. პოლიციელი თორდია პატაკში წერდა, რომ ეს სიტყვები მისი ღირსებისთვის და პროფესიული საქმიანობისთვის არის „უკიდურესად შეურაცხმყოფელი

თაკო გვალია პირველი აქტივისტი არაა, ვისაც ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა.  ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 2025 წლის დეკემბერში ასევე უჩივლა პარტია “დროას” წევრს მარიამ სიჭინავასაც. პოლიციელი სიჭინავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მეგრულ სიტყვას “ლოდოს” (მოსულელო) ედავებოდა. მარიამ სიჭინავა მაშინ 3000 ლარით დააჯარიმეს.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.  

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.

“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს,  სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს

“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.

გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია. მისივე თქმით,  დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც protocol.ge-ზე და არც police.ge-ზე. როგორც საზღვარზე უთხრეს, მის სახელზე ჯარიმა 2025 წლის 5 სექტემბერს არის გამოწერილი. “მელიქიშვილზე იყო საპროტესტო აქცია, სადაც მეგაფონით ვიყავი”, – ამბობს იგი.

“თავისუფლების ფონდი” დავით ჯინჭარაძემ პროევროპული პროტესტის მონაწილეებისა და პოლიტპატიმრების დასახმარებლად დააარსა. ფონდს უცხოური ანგარიში აქვს. იგი ამბობს, აქციის მონაწილეების დასახმარებლად საქართველოში არსებულ ანგარიშებსაც იყენებდა, თუმცა,  ყადაღის საშიშროების გამო მასზე დიდი ოდენობის თანხას არ ტოვებდა.

სამოქალაქო აქტივისტს, ელენე დევიძეს, ანგარიშები დაუყადაღეს

პროევროპული აქციების მონაწილეს, სამოქალაქო აქტივისტს ელენე დევიძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემა “პუბლიკასთან” საუბარში იგი ამბობს, რომ დაყადაღების მიზეზი გადაუხდელი ჯარიმაა.

როგორც ირკვევა, ელენე დევიძე 2025 წლის 10 აგვისტოს, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. სამოქალაქო აქტივისტს ჯარიმის შესახებ შეტყობინება არ მისვლია, რადგან, შსს-ში მისი ნომერი არასწორად არის მითითებული და არც ოქმი ჩაბარებია პირადად. ელენე დევიძე ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

ელენე დევიძე სინდისის პატიმრის, მსჯავრდებული მათე დევიძის დაა. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მას 4.6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

 სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია  ზუგდიდის სასამართლომ, გეოგლიფის –  „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის, 1750 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, “Street არტისტი” როსტომ ზარანდია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე,  გეოგლიფის,  „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის 1750 ლარით დააჯარიმა.

გეოგლიფი “მეგობარი აქტი” [Megobari act] 380 მეტრი სიგრძის წარწერაა მინდორზე, დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ანაკლიის სანაპიროსთან. აქტივისტის განმარტებით, ამ გეოგლიფის მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატშია ინიცირებული. ამ გეოგლიფის გამო  როსტომ ზარანდია ზუგდიდის მერიამ ერთხელ უკვე დააჯარიმა 2 000 ლარით.