2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, რეპრესიების სამიზნე გახდა მედიის 193 წარმომადგენელი

30.04.2025

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა.

ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსრიდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც.

“მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 145 ინციდენტი  აღწერა, რა დროსაც ჯამში 193 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. მათგან ათობით რეპორტიორი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე.

გარდა ამისა, აქციების გაშუქებისას, პოლიციამ 34 ჯარიმა გამოწერა მედიის წარმომადგენლების სახელზე. ამ შემთხვევაშიც, ზოგიერთი ჟურნალისტი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გზის გადაკეტვის საფუძვლით, არაერთხელ დააჯარიმეს.

საჯაროდ გავრცელებული ინციდენტების სრული სია:

  1. 2025 წლის 1 მაისს “TV პირველის” ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს
  2. 2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვლმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
  3. 2025 წლის 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არ დაუშვეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები: ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, გიგა კიტია და  გიორგი იასაშვილი.
  4. 2025 წლის 25 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ჟურნალისტს – ლუკა კაციტაძეს აცნიბეს, რომ “გზის უკანონოდ” გადაკეტვის მოტივით 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. მას გზის გადაკეტვას 12 აპრილს ედავებიან.
  5. 2025 წლის 25 აპრილს, დაჯარიმების შესახებ აცნობეს ჟურნალისტ ირინა მაკარიძეს , რომელიც გაზეთ „ქრონიკა+“-ის და საინფორმაციო სააგენტო “cnews”-თვის აშუქებდა მიმდინარე პროტესტს  შოთა რუსთაველის გამზირზე.
  6. 2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს. მოსამართლე დავით თეთრაულმა ჟურნალისტს სასამართლო სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა. მინდია გაბაძე ბიზნესმენ გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესს აშუქებდა.
  7. 2025 წლის 23 აპრილს, გზის გადაკეტვის საფუძვლით მეოთხე ჯარიმის შესახებ აცნობეს OC.Media-ს დამფუძნებელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს.
  8. 2025 წლის 17 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის კიდევ სამ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი უხა კვინიკაძე, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია.
  9. 2025 წლის 17 აპრილს, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, 2500 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
     
  10. 2025 წლის 17 აპრილს, გზის გადაკეტვის საფუძვლით მესამე ჯარიმის შესახესბ აცნობეს OC.Media-ს დამფუძნებელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. როგორც იგი წერს, წინა ორი ჯარიმა გასაჩივრებული აქვს, თუმცა, ამ დრომდე არ მიუღია შეტყობინება, დაიწყო თუ არა წარმოება მის საჩივრებზე. ჟურნალისტი მესამე ჯარიმის გასაჩივრებასაც აპირებს.
  11. 2025 წლის 16 აპრილს, გამოცემა JAMnews-ის ჟურნალისტს, ირაკლი დათუნაშვილს ხელზე ჩააბარეს უწყება, საიდანაც ირკვევა, რომ ამა წლის 26 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე მას გზის გადაკეტვას ედავებიან.
  12. 2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს წამყვანი სახეები, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გათავისუფლების საფუძვლად ჟურნალისტებს დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს.
  13. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.  ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტი თამარ მშვენიერაძე და წამყვანი იოსებ კაციტაძე. პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
  14. 2025 წლის 10 აპრილს დაჯარიმების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა. ის წერს, რომ მას ედავებიან გზის გადაკეტვას 12 მარტს, მაშინ როდესაც, იგი გადაცემისთვის “ხალხთან ერთად” რუსთაველის გამზირზე ინტერვიუებს წერდა.
  15. 2025 წლის 8 აპრილს დაჯარიმებისშესახებ აცნობეს მაუწყებლის” ჟურნალისტს თოზუ გულმამედოვას. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 16 თებერვალს. ამ დღეს ის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  16. 2025 წლის 6 აპრილს დააკავეს გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის” საბაბით. ჟურნალისტი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. საბას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.
  17. 2025 წლის 28 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს მედია “აპრილის” ჟურნალისტს ნატა ურიდიას, იგი საპროტესტო აქციას მობილური ტელეფონით იღებდა, როდესაც პოლიციელებმა ხელი ჰკრეს.
  18. 2025 წლის 27 მარტს, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების – ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის – წინააღმდეგ და ისინი „უკანონო შემოსავლების“ მიღებაში დაადანაშაულა
  19. 2025 წლის 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი საქართველოში, ნინო დალაქიშვილი, გზის გადაკეტვის საფძუვლით, 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ნინო დალაქიშვილს გზის გადაკეტვას ედავებიან იმ მომენტში, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. დალაქიშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა.
  20. 2025 წლის 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, ანი ჯობავა, გადაცემიდან დროებით ჩახსნეს. ის წერს, რომ ჯერ თათბირებზე აღარ დაუძახეს, შემდეგ კი, გადაცემა მის გარეშე დაბრუნდა ეთერში. ანი ჯობავა ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ.
  21. 2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა სამეურვეო საბჭოს წევრებმა, საბჭოს სხდომაზე, პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვეს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კახა მელიქიძის – წინააღმდეგ.
  22. 2025 წლის 19 მარტს გამოცემა OC Media-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს ორი საჯარიმო ქვითარი ჩააბარეს. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 11 და 15 მარტის აქციებზე, იმ დროს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ფოტოგრაფი წერს, რომ ჯარიმებს გაასაჩივრებს.
  23. 2025 წლის 19 მარტს გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების შესახებ აცნობეს “რადიო თბილისის” ჟურნალისტს მერაბ მერკვილაძეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან 15 მარტის აქციაზე.
  24. 2025 წლის 18 მარტს გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  25. 2025 წლის 18 მარტს ავტომობილის სავალი გზის უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით, საჯარიმო ქვითარი გადასცეს “TV პირველის” ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს. მას გზის გადაკეტვას 11 მარტის აქციაზე ედავებიან. ეს მოსიაშვილისთვის უკვე მეორე ჯარიმაა. პირველი ჯარიმა მოსიაშვილს 21 თებერვალს აქვს მიღებული და გასაჩივრებული, თუმცა, ჯერ პასუხი შსს-დან არ მიუღია.
  26. 2025 წლის 17 მარტს “პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც  29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დააკავეს და სასტიკად სცემეს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის თავად ცნო სამართალდამრღვევად.
  27. 2025 წლის 15 მარტს გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, სავარაუდოდ საქართველოს შინაგან სააქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესხნენ თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი დასავლეთ საქართველოდან, გადაღებიდან თბილისში ბრუნდებოდა. მთივლიშვილს ავტომაგისტრალზე ჯერ საავარიო სიტუაცია შეუქმნეს, შემდეგ კი, როდესაც მან გადაღება სცადა, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად დაესხნენ თავს.
  28. 2025 წლის 13 მარტს, გზის გადაკეტვის საფუძვლით ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე დააჯარიმეს. იმ დღეს ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
  29. 2025 წლის 12 მარტს,  “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.  ბექა ბერაძეს სასამართლო პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ის 2024 წლის 1 დეკემბერს დააკავეს საპროტესტო აქციაზე და მაშინ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს.
  30. 2025 წლის 9 მარტს საპატრულო პოლიციამ ჯარიმის ქვითარი გადასცა ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელს, საავტორო გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილს. მისი მონათხრობის თანახმად, პოლიცია მას ედავება გზის გადაკეტვას 24 თებერვლის აქციაზე.  
  31. 2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა  შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიო გადაცემების – „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტს ანა მეტრეველს, – თანამშრომელს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.
  32. 2025 წლის 24 თებერვალს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს გადასცეს ჯარიმის ქვითარი, საიდანაც ირკვევა, რომ მას 21 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. ჟურნალისტმა ჯარიმა გასააჩივრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩივარი წარმოებაში მიიღო და ბოჩიკაშვილს აცნობა, რომ სამი თვის ვადაში განიხილავს.
  33. 2025 წლის 21 თებერვალს ავტომობილის სავალი გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს “TV პირველის” ოპერატორი და ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა. მოსიაშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა, ჯერ პასუხი არ მიუღია.
  34. 2025 წლის 21 თებერვალს საპატრულო პოლიცია დაუკავშირდა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს ნინო წვერავას. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 17 თებერვლის აქციაზე, მაშინ როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინა მოწმობა სამსახურიდან, რის საფუძველზეც აცნობეს რომ ჯარიმა მოუხსნეს.
  35. 2025 წლის 21 თებერვალს სატელეფონო ზარით დაჯარიმების შესახებ აცნობეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. მასაც 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას ედავებიან  გზის გადაკეტვას.დიასამიძემ ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიუღია.
  36. 2025 წლის 20 თებერვალს დაჯარიმების შესახებ შეტყობინება მიიღო “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ნინო შუბითიძემ.  მასაც 17 თებერვალს ედავებიან გზის გადაკეტვას, მაშინ, როდესაც აქციაზე გასაშუქებლად იმყოფებოდა. კოლეგის მსგავსად, ნინო შუბითიძემაც წარადგინა მოწმობა სამსახურდან, რის საფუძველზეც მასაც მოუხსნეს ჯარიმა.
  37. 2025 წლის 19 თებერვალს გამთენიისას, პოლიციელებმა  ძალის გამოყენებით დააკავეს “TV პირველის” ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 20 თებერვალს სასამართლომ ლაშა ჯიოშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.
  38. 2025 წლის 19 თებერვალს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტმა, ბასტი მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში იბარებენ უწყების გადასაცემად. როგორც მგალობლიშვილს სატელეფონო საუბრის დროს განუმარტეს, პოლიცია მას 2025 წლის 14 თებერვალს ავტომობილების სავალი გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება.
  39. 2025 წლის 14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან “ტაბულას” ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს. “ტაბულას” ცნობით, ჯიქურაშვილს ეკეთა პრესის ბარათი და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.  ჯარიმა გასაჩივრებულია.
  40. 2025 წლის 13 თებერვალს სამართალდამცველებმა დააჯარიმების შესახებ აცნობეს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ტელეწამყვან ნათია გოგსაძეს. მას  2 თებერვლის აქციაზე ედავებიან გზის გადაკეტვას.  ჟურნალისტს უკვე გადასცეს საქმის მასალები, სასამართლო პროცესი 2 მაისს არის ჩანიშნული. 
  41. 2025 წლის 12 თებერვალს ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ფოტორეპორტიორის ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. უწყება ქეშელაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
  42. 2025 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს.
  43. 2025 წლის 5 თებერვალს გამოცემა “აპრილის” ფოტოგრაფს, ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ედავებიან გზის გადაკეტვას 26 იანვრის საპროტესტო აქციაზე. ამ დღეს ფოტოგრაფი აქციაზე ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა. გამოცემამ ჯარიმა გაასაჩივრა, პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
  44. 2025 წლის 4 თებერვალს გამოცემა “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს.  გელა მთივლიშვილის თქმით, მოგვიანებით, ის პირი, რომელმაც მანქანა დააზიანა, ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის კარზე უკაკუნებდა
  45. 2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ
    ტაბულას” ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა. ჯარიმა გასაჩივრებულია.
  46. 2025 წლის 4 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელმა თავში ძლიერი დარტყმით ასფალტზე დააგდო “NEWS.On.ge-ს” მთავარი რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი.
  47. 2025 წლის 4 თებერვალს პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციამ “პუბლიკის” ჟურნალისტზე ნათია ლევერაშვილზე იძალადა – პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს.
  48. 2025 წლის 4 თებერვალს ნიღბიანმა პოლიციელმა სცადა ტელეფონის წართმევა “OC Media-ს” ჟურნალისტის, გივი ავალიანისთვის, რომელიც პროფესიული მოვალეობას ასრულებდა.
  49. 2025 წლის 4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 18-საათიანი მოამბის წამყვანს,  ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება. გადაწყვეტილების მიზეზად „მოამბის” პროდიუსერების მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმა დასახელდა. თავად ჟურნალისტმა ფაქტი არხის სარედაქციო პოლიტიკისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას დაუკავშირა.
  50. 2025 წლის 2 თებერვალს აქციაზე დაშავდ “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი მოხვდა და დაეცა. ოპერატორს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, სადაც დადგინდა, რომ მან ტვინის შერყევა მიიღო.
  51. 2025 წლის 2 თებერვალს პოლიციელმა ხელი ჰკრა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა ონლაინ გამოცემა “აპრილის” თანამშრომელს, ნატა ურიდიას. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაშავების კადრებიც და ისმის რეპორტიორის ხმაც, როდესაც ის ნიღბიან პოლიციელს ეუბნება, რომ ჟურნალისტია.
  52. 2025 წლის 2 თებერვალს აქციის მონაწილეების დაკავების დროს პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუშალა ხელი  „აპრილის“ კიდევ ერთ თანამშრომელს, ფოტოგრაფ ვახო ქარელს. მას პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.  
  53. 2025 წლის 2 თებერვალს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს პოლიციამ ხელი შეუშალა მუშაობაში და დაემუქრა. გამოცემამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ეუბნება ნიღბიანი პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ახლა ეგ კამერა, თორემ გაგიტეხავ თავს”.
  54.  2025 წლის 2 თებერვალს პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. ტელეკომპანიის მიერ  გამოაქვეყნებულ ვიდეოში ჩანს როგორ უბლოკავს გზას პოლიციელი ჟურნალისტს და ცდილობს ძალით დაატოვებინოს ტერიტორია. 
  55. 2025 წლის 2 თებერვალს “რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას იღებდა, როცა ის გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლებმა შეაჩერეს და ძალის გამოყენებით დაატოვებინეს გზის სავალი ნაწილი.
  56. 2025 წლის 2 თებერვალს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” ჟურნალისტს დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს. 
  57. 2025 წლის 2 თებერვალს “TV პირველის”ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილემ მირზა კეზევაძემ. ტელეკომოანიის ცნობით, მაღალჩინოსანმა ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და დაუზიანა.
  58. 2025 წლის 2 თებერვალს, “TV პირველის” ცნობით, გდდ-ის წევრები  ცდილობდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევას და პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლას.
  59. 2025 წლის 2 თებერვალს, ნიღბიანმა პოლიციელმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა „გურია ნიუსის“ წარმომადგენელს აკაკი სიხარულიძეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჰკრავს ხელს ნიღბიანი პოლიციელი კამერას.
  60. 2025 წლის 2 თებერვალს პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა “მედიაჩეკერის” ჟურნალისტს ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს.
  61. 2025 წლის 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა. ამ ტიპის ინფორმაციად პარლამენტის თავმჯდომარემ მიიჩნია გამოცემის მიერ გავრცელებული პოსტერი 2 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ.
  62. 2025 წლის 22 იანვარს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს. იმ დღეს ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. რადიო თავისუფლებამ პოლიციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ქევანიშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. უწყების პასუხი ჯერ უცნობია.
  63. 2025 წლის 18 იანვარს პოლიცია დაჯარიმებით დაემუქრა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა. 
  64. 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ გამოცემა  „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა. ოპერატორს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
  65. 2025 წლის 11 იანვარის გვიან საღამოს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. იგი დააკავეს კედელზე საპროტესტო შინაარსის სტიკერის გაკვრის გამო და მოგვიანებით, გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
  66.  2025 წლის 12 იანვარს, ღამით, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დააკავა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.
  67. 2025 წლის 4 იანვარს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას. მისი საქმე სასამართლომ განიხილა და რეპორტიორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
  68. 2025 წლის 3 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას  ედავებიან საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტს დავით კეკენაძეს.  იგი 5000 ლარით დააჯარიმეს, იმ მოტივით, რომ ვიდეოკადრებში, რომელიც სასამართლოს წარუდგინა, არ ჩანს პრესის აღმნიშვნელი სიმბოლიკა. რეპორტიორს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში აღარ გაუსაჩივრებია და ჯარიმა გადაიხადა.
  69. 2024 წლის 24 დეკემბერს ფოტოგრაფს გიორგი მოსიაშვილს ქუჩაში უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მასზე თავდასხმა სცადა.  თავდამსხმელმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ფოტოგრაფის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო.
  70. 2024 წლის 24 დეკემბერს “TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას, თბილისის  მერიის ორგანიზებულ საშობაო სოფელში, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა რამდენიმე პირმა.  
  71. 2024 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორ ნიკო კოკაიას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუშაობაში ხელშეშლა სცადა.
        
  72. 2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორს ეთერ თურაძეს აჭარის პოლიციის უფროსმა მუშაობაში ხელი შეუშალა და ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია.  იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა ბათუმის პოლიციის უფროსმაც. 
  73. 2024 წლის 16 დეკემბერს, ფოთის ადგილობრივი ტელეკომპანიის, “მე-9 ტალღის” დირექტორი გერმანე სალია, საპატრულო ეკიპაჟმა 1000 ლარით დააჯარიმა “ავტომობილით ჯგუფურ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის”. „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ (JRC)  ინფორმაციით, საუბარია 13 დეკემბერს, ფოთში გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე, რომელსაც გერმანე სალია   აშუქებდა, როგორც მედიის წარმომადგენელი.  
  74. 2024 წლის 7 დეკემბერს “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ. გადამღებ ჯგუფს დაუზიანეს ტექნიკაც. 
  75. 2024 წლის 7 დეკემბერს “პალიტრანიუსის” ჟურნალისტს, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა აქციის დაშლის კადრებს, სპეცრაზმელმა ხელი შეუშალა მუშობაში და დაუზიანა მობილური ტელეფონი.  
  76. 2024 წლის 7 დეკემბერს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ყორშიას დაკავებისას გაუსწორდნენ ფიზიკურად.  
  77. 2024 წლის 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალსიტ დეა მამისეისშვილს.
  78.  2024 წლის 7 დეკემბერს, გდდ-ს თანამშრომლებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს და სცადეს დაეკავებინათ “JRC”-ის გადამღები ჯგუფის წევრები დავით ყვავაძე და ნათია კუპრაშვილი. რომლებიც აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევისა და დემონსტრანტების დაკავების პროცესს იღებდნენ.
  79.  2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს და ტელეფონი ჩამოართვეს „კავკაზსკი უზელის“ ჟურნალისტს ბესლან კმუზოვს. ჟურნალისტის თქმით, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირზე მყოფ გდდ-ს თანამშრომლებს ფოტო გადაუღო. სასამართლომ ჟურნალისტს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 9 დეკემბერს გაათავისუფლა
  80. 2024 წლის 6 დეკემბერს თბილისში, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ნათია ამირანაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს პოლიციამ მუშაობაში  შეუშალა  ხელი.  ჟურნალისტები აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა მათთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.
  81. 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას იქვე მდგომი პირები მოძალადის დაკავების თხოვნით მიმართავენ და სამართალდამცავები არ რეაგირებენ. გაბაძემ სახის არეში მიიღო დაზიანებები.  
  82.  2024 წლის 4 დეკემბერს აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შედეგად   „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია დაშავდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
  83. 2024 წლის 4 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “პირველი არხის” ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. მას ხელი დაუზიანდა და კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. პირველი არხის ინფორმაციით,  მას პიროტექნიკა ესროლეს.
  84. 2024 წლის 4 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არხის  ჟურნალისტს, ლუკა ტყებუჩავას, სპეცრაზმელებმა გაზის კაფსულა ორჯერ დამიზნებით ესროლეს.
  85.  2024 წლის 4 დეკემბერს “TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას ძალოვნებმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა კი ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია.
  86. 2024 წლის 4 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” შავებში ჩაცმულმა სამართალდამცველმა, რომელსაც შესაბამისი აღმნიშვნელი ატრიბუტიკა არ ჰქონდა, ხელი ჰკრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა. ჟურნალისტი კრიმინალური პოლიციის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ალეკო ელისაშვილისა და ზურაბ დათუნაშვილის დაკავებებას აშუქებდა პირდაპირ ეთერში.
  87. 2024 წლის 3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შემდეგ  დაშავდნენ ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი  თეონა ხუბულავა და ორი ოპერატორი – ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკელაშვილი. მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
     
  88.  2024 წლის 3 დეკემბერს “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ნინო რამიშვილს, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცემის კადრებს იღებდა, სპეცრაზმელმა ტელეფონი წაართვა. ჟურნალისტის თქმით, მას ეკეთა პრესის საიდენტიფიკაციო ნიშანი და ასევე არერთხელ უთხრა, რომ წარმოადგენდა მედიას, თუმცა, ტელეფონი მას მაინც არ დაუბრუნეს.
  89.  2024 წლის 3 დეკემბერს “TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს დაზიანდა  ტელეკომპანიის სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა. 
  90.  2024 წლის 3 დეკემბერს “ჩაიხანას” ჟურნალისტს ნატალი ჩხარტიშვილს, მუშაობის პროცესში, ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი, რომლითაც ის აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა. ასევე, უყვიროდნენ, რომ გამოერთო კამერა.
     
  91. 2024 წლის 3 დეკემბერს “მთავარი არხის” ოპერატორი გივი მჭედლიშვილი მუშაობის პროცესში შეუძლოდ გახდა. პირდაპირ ეთერში მუშაობისას ისმის ამავე არხის ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს სთხოვს,  დაეხმარონ ოპერატორს ფიზიოლოგიური ხსნარით.
  92.  2024 წლის 3 დეკემბერს JRC-ის ოპერატორს, ბაქარ ყვავაძეს, „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, გაზის კაფსულა წვივში მოხვდა.
  93. 2024 წლის 2 დეკემბერს აქციის დაშლის დროს, მეტრო “რუსთაველში”, პოლიციამ დააკავა ონლაინ გამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აკავებენ.
  94. 2024 წლის 2 დეკემბერს მეტრო „რუსთაველთან“ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, რა დროსაც პოლიციელმა მას ხელი ჰკრა და ტელეფონი გააგდებინა, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა.
  95.  2024 წლის 2 დეკემბერს OC MEDIA-ს რედაქტორი, მარიამ ნიკურაძე, პოლიციელმა კედელს მიანარცხა, რა დროსაც დაზიანდა ჟურნალისტის კამერაც.
      
  96.  2024 წლის 2 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
  97. 2024 წლის 2 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი გიორგი ნერგაძე. მას ადგილზე სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.
  98. 2024 წლის 2 დეკემბერს აქციაზე დაშავდა „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ჟურნალისტის თქმით, მას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. ოპერატორს ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. ასევე, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაქასარაშვილი.
  99. 2024 წლის 2 დეკემბერს “TV პირველის” ოპერატორს, რომელიც თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში შესული მოქალაქეების დაკავებას იღებდა, გდდ-ს თანამშრომლებმა მუშაობაში ხელის შეუშალეს და  დაემუქრნენ, რომ კადრები არ გადაეღო.
  100.  2024 წლის 2 დეკემბერს გამოცემა “აპრილის“ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. ბასხაჯაური აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, რა დროსაც მისთვის ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ. 
  101. 2024 წლის 2 დეკემბერს, აქციაზე ცრემლსადენი გაზით დაშავდა პროპაგანდისტული პროსამთავრობო მედიის “POST TV-ის” თანამშრომელი გურანდა ბილიხოძე. ინფორმაცია ამის შესახებ ონლაინ გამოცემა “პუბლიკამ” გაავრცელა.
  102. 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე დაშავდა “პირველი არხის” ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოგრაფი “თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო, –  სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. 
  103. 2024 წლის 1 დეკემბერს ერთ-ერთი სამართალდამცველი  აგრესიული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს.
  104. 2024 წლის 1 დეკემბერს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი გიორგი შეწირული. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს დაზიანება აქვს ფეხის არეში. შეწირული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
  105. 2024 წლის 1 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღები ჯგუფი მოჰყვა წყლის ჭავლში, რომელიც აქციის დასაშლელად იყო გამოყენებული.
  106. 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი. ის, სავარაუდოდ, აქციის დასაშლელად გამოყენებული გაზის გაშვების შედეგად გახდა შეუძლოდ.
     
  107. 2024 წლის 1 დეკემბერს გდდ-ს თანამშრომლებმა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი ბექა ბერაძე  დააკავეს. მედიის ცნობით, პროდიუსერი დაკავების შემდეგ სცემეს. ბექა ბერაძე აქციის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებს განუცხადა მისი პროფესიის შესახებ, ის მაინც დააკავეს.  მოგვიანებით იგი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს.
  108. 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე დააკავეს ონლაინგამოცემა “On.ge”-ს  ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი. მოგვიანებით იგი სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლეს და  სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს
  109. 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიით დაშავდა “პირველი არხის” ფოტოგრაფი მირიან მელაძე.
  110. 2024 წლის 30 ნოემბერს დაშავდა “TV პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან რამდენჯერმე გონება დაკარგა. ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტს შუბლიდან სისხლი სდის. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს.
  111. 2024 წლის 30 ნოემბერს აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ “TV პირველის” ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს.
  112. 2024 წლის 30 ნოემბერს ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს, მაშინ როდესაც იგი მოქალაქეების დაკავებას იღებდაგდდ-ს თანამშრომელმა ხელი დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ  იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. დაკარგულია მისი ტელეფონი.
  113. 2024 წლის 30 ნოემბერს აქციის გაშუქებისას პოლიციამ იძალადა “RealPolitika-ს” ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც. მისი მონათხრობით, გდდ-ს ათამდე თანამშრომელმა იგი  წრეში მოაქცია და სცემა, პარალელურად, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.  
  114. 2024 წლის 30 ნოემბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფს, გიორგი გამგებელს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ფოტოგრაფს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურაც.
  115. 2024 წლის 30 ნოემბერს გდდ-ს თანამშრომლები თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ნუცა ბახუტაშვილსა და მის ოპერატორს, ირაკლი ბართავას. ჟურნალისტმა ტვინის შერყევა  მიიღო. 
  116. 2024 წლის 30 ნოემბერს აქციაზე დაშავდა “პირველი არხის” ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ოპერატორი გდდ-ს თანამშრომლების თავდასხმის სამიზნე გახდა.
  117. 2024 წლის 30 ნოემბერს გდდ-ს თანამშრომელმა ხელი ჰკრა “Paper Kartuli-ის” ფოტოგრაფს ფიოდორ ხუდოკორმოვს, რომელიც აქციის მონაწილეების შევიწროების კადრებს იღებდა.
  118. 2024 წლის 29 ნოემბერს მძიმედ დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა, რა დროსაც  მას თავს დაესხა უცნობმა პირი,  სავარაუდოდ, გდდ-ს თანამშრომელი. ჟურნალისტმა მძიმე  დაზიანებები მიიღო თავისა და კისრის არეში. ამ დღეს გურამ როგავასა და მის ოპერატორს ამ შემთხვევამდეც შეუშალეს მუშაობაში ხელი. კადრებში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ჩანს, რომ პოლიციელებს ჟურნალისტი იძულებით გაჰყავთ ტერიტორიიდან, ამავე დროს, ხელს აფარებენ კამერას და ხელს უშლიან გადაღებაში ოპერატორსაც.
  119. 2024 წლის 29 ნოემბრის აქციაზე დაშავდა “ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახიაწიწაკის სპრეი შეასხეს  ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.
  120. 2024 წლის 29 ნოემბერს ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ თედიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას თქვა.
  121. 2024 წლის 29 ნოემბერს ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, კამერა წაართვეს და სცემეს.  მოგვიანებით იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
  122. 2024 წლის 29 ნოემბერს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს პოლიციამ გადაღებაში ხელი შეუშალა და მისი ტელეფონის დალეწვა სცადა.
  123. 2024 წლის 29 ნოემბერს დაშავდა ონლაინ გამოცემა  “პუბლიკას” ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე.
  124. 2024 წლის 29 ნოემბერს „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის – Current Time-ის ოპერატორს, გიორგი ჭუმბურიძეს, პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.
  125. 2024 წლის 29 ნოემბერს მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი  “პუბლიკას” ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე დაარტყეს.
  126. 2024 წლის 29 ნოემბერს “TV პირველის” ოპერატორს, ნიკო კოკაიას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა დამიზნებით სახეში წიწაკის სპრეი შეასხა.
  127. 2024 წლის 29 ნოემბერს “TV პირველის” ოპერატორს, გიორგი შეწირულს,  სპეცრაზმის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც შეწირულთან ერთად მუშაობდა, ოპერატორს უკნიდან მიეპარა სპეცრაზმელი და დაარტყა.
  128. 2024 წლის 29 ნოემბერს აქციაზე დაშავდნენ “TV პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი. გადამღებ ჯგუფს და მათ რესპონდენტს სპეცრაზმმა პირდაპირ ეთერში დაუშინა დიდი რაოდენობით წყლის ჭავლი. ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
  129. 2024 წლის 29 ნოემბერს  გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს სახეში “TV პირველის” ჟურნალისტ ანა მდივანს. მას  სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
  130. 2024 წლის 29 ნოემბერს აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით შეუძლოდ გახდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი.
  131. 2024 წლის 29 ნოემბერს “მთავარი არხის” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ  საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე არხის ჟურნალისტს დავით კობიძესა და ოპერატორს, ლუკა ბაჩილავას.
  132. 2024 წლის 29 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ცნობით, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე.
  133. 2024 წლის 29 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ოპერატორებს, ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელს  ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.
  134. 2024 წლის 29 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით ცაგარელს გამთენიისას, დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევის დროს, სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა, მიწაზე დაგდების შემდეგ კი წიხლი.
  135. 2024 წლის 29 ნოემბერს აქციის გაშუქებისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტმა ნინო ლორჩოშვილმა. არხის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სპეცრაზმის მხრიდან წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად გახდა ცუდად.
  136. 2024 წლის 29 ნოემბერს სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში  ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს გივი ავალიანს.
  137. 2024 წლის 29 ნოემბერს გამოცემა OC Media-ს დამფუძნებელს, ჟურნალისტს და ფოტოგრაფს  მარიამ ნიკურაძეს, წყლის ჭავლი მოხვდა. მისი ინფორმაციით,  ის დავარდა, მისი კამერა კი დაზიანდა. ნიკურაძეს  სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამართალდამცველები მუშაობას უკრძალავდნენ.
  138. 2024 წლის 29 ნოემბერს “JAMnews-ის” რეპორტიორს იულია კალაბანს, რომელიც ცდილობდა გადაეღო კადრი, როგორ იღებდა  სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მოწყობილი ბარიკადებს; მას სამართალდამცველმა ხელი ჰკრა და ფეხში დაარტყა
  139. 2024 წლის 29 ნოემბერს აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს — ნინო წვერავასა და ნინო შუბითიძეს და ოპერატორს გიორგი ბარამიძეს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა ნინო წვერავამ სოციალურ ქსელ „X“-ზე გამოაქვეყნა.
  140. 2024 წლის 29 ნოემბერს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა “პროექტ 64-ის” რედაქტორს გიორგი გოგუას. მას ფეხები ურტყეს.
  141. 2024 წლის 29 ნოემბერს წყლის ჭავლით დაშავდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი.
  142.  2024 წლის 29 ნოემბერს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს.
  143. 2024 წლის 29 ნოემბერს დაშავდა მედია “აპრილის” ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეც. სავარაუდოდ მას უცნობი ნივთიერება შეასხეს თვალებში.
  144. 2024 წლის 29 ნოემბერს “TOK TV-ს” ჟურნალისტი ფილიპე წერეთელი დაზარალდა გაზის კაფსულის სროლის შედეგად. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ცრემლსადენი ხელყუმბარები მიზანმიმართულად ისროლეს.
  145. 1024 წლის 29 ნოემბერის აქციაზე “პირველი არხის” ჩართვის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი დაშავდა.

Share