შემზღუდავი კანონმდებლობის საფუძველზე მედიის წარმომადგენლები დააკავეს

06.11.2025

2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები , თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, მედიის 12 წარმომადგენელი დააკავეს.

დაკავებების ქრონოლოგია:

  1. 19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას;
  2. 20 ოქტომბერს დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შუფარდეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს;
  3. 21 ოქტომბერს დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ცირა ჟვანიას;
  4. 21 ოქტომბერს დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მას 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
  5. 22 ოქტომბერს დააკავეს და 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს აზერბაიჯანელ ჟურნალსიტის აფგან სადიგოვს;
  6. 22 ოქტომბერს დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს, ჟურნალისტს ლიკა ბასილაია-შავგულიძეს;
  7. 24 ოქტომბერს დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ონლაინ მედია “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. მგალობლიშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა;
  8. 24 ოქტომბერს დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
  9. 24 ოქტომბერს დააკავეს მწერალი და გამომცემელი, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
  10. 25 ოქტომბერს დააკავეს და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორს ნიკა პატარაიას;
  11. 3 ნოემბერს დააკავეს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. მის საქმეზე სასამართლო 12 ნოემბერს გაიმართება; ნინია კაკაბაძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა;
  12. 5 ნოემბერს დააკავეს “ფორმულას” ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. დაახლოებით 10 წუთში ის გაათავისუფლეს და ბოდიში მოუხადეს. ლიზა ციციშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა;

შეგახსენებთ, 2025 წლის 16 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ და მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება.

“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

Share