“ქართული ოცნების” პარლამენტმა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაჩქარებული წესით ახალი, შემზღუდავი კანონები მიღო. ესენია, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] და ცვლილებები “მაუწყებლობის” და “გრანტების შესახებ” კანონებში. აღნიშნული კანონები მიღებულია რეპრესიების და ძალადობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ.
რას ითვალისწინებს შემზღუდავი კანონები:
“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება
2025 წლის 16 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება. ცვლილებების თანახმად:
- გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას;
- გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით;
- ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება დამატებითი უფლებამოსილება, როგორიცაა – პირისგან ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა, ასევე ფიზიკური პირის გამოკითხვის უფლება;
- ანტიკორუფციული ბიურო საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან შეძლებს გამოითხოვოს “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი”.
“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.
“აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
“უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA]
2025 წლის 1 აპრილს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] დაამტკიცა.
ახალი კანონით, შემოდის ტერმინი “უცხოური პრინციპალის აგენტი”. ასეთი კი, კანონის განმარტებით, შეიძლება იყოს მათ შორის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც “უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს”.
კანონის მოთხოვნით, რეგისტრაციის განცხადება უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც კანონი ანიჭებს, ფართო უფლებამოსილებას. მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”.
განსხვავებით მედიის შემზღუდავი სხვა კანონებისგან, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო, FARA-ს მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს, როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
FARA-ს მიღება შეფასდა, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი კანონი.
“ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს. ამაზე ღიად მიუთითებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე. მმართველ გუნდს FARA-ს კანონის გამოყენება საქართველოში, ამერიკული რეალობისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სასამართლოს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მყარად დამკვიდრებული გარანტიების გარეშე ესახება და წარმოუდგენია, რომ ამერიკული სახელდების კანონის ინსტრუმენტალიზებას სამოქალაქო საზოგადოების დაზიანებისთვის გამოიყენებს” – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები
FARA-ს მიღების დღესვე, 2025 წლის 1 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში.
ცვლილების თანახმად სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოილება, კერძოდ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა.
- კანონში შესული ცვლილებების თანახმად იკრძალება ე.წ. “უცხოური ძალისგან” მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.
- ცვლილების თანახმად მაუწყებლებს ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
კანონის თანახმად, უცხოურ ძალად განიხილება: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული ერთეული ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
- ცვლილებით შემოდის ასევე დეტალური რეგულაციები, ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე ემატება რეგულაციები ფაქტის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონები საფრთხეს უქმნის კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიის არსებობას.
ამ კანონებთან ერთად საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, იგივე “რუსული კანონი”, რომელიც გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად მიიღო და რომელიც მიზნად ისახავს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების “უცხოური ძალის” ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლების 20% უცხოური ორგანიზაციებიდან არის მიღებული.