საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი

2023 წლის საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი დაინტერესებულ პირებს და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ იმ ფაქტორებს, რომლებიც ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობას უშლის ხელს.
 ინდექსი ეყრდნობა რეგიონებში დეზინფორმაციისადმი მედეგობის შესაფასებლად რელევანტურ ოთხი კატეგორიას (ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა, პოლიტიკოსების და პარტიების მედეგობა, საინფორმაციო გარემოს მედეგობა და საზოგადოების მედეგობა) და მათში შემავალ ინდიკატორების. ინდექსი საქართველოს 11 რეგიონს აფასებს 0-100 სკალაზე, სადაც 0 არის დეზინფორმაციისადმი ყველაზე მოწყვლადი, ხოლო 100 - ყველაზე მედეგი რეგიონი. საქართველოს თერთმეტივე რეგიონი ექსპერტების გამოკითხვას ეყრდნობა და 42-54 ქულების ფარგლებში მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეზინფორმაციისადმი მედეგობის ხარისხი ყველა რეგიონში ერთნაირად პრობლემატურია და ახლოსაა საშუალო მაჩვენებელთან. ექსპერტებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუები ცხადყოფს, რომ რეგიონების მიხედვით ექსპერტთა შეხედულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ისინი ძირითადად მსგავს გამოწვევებზე მიუთითებენ. ამასთან, იკვეთება ცალკეული კონტექსტური სხვაობებიც. 
ძირითადი მიგნებები
ინდექსი
საქართველოს 11 რეგიონის შეფასება სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: 42-45, 46-50 და 51-54. პირველ ნაწილში მოექცა თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და აჭარის რეგიონების შეფასებები; მეორე ნაწილში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის შეფასებები; ხოლო  მესამე ნაწილში სამცხე-ჯავახეთის, გურიის და კახეთის რეგიონის შეფასებები. ყველაზე დაბალი შეფასება თბილისის რეგიონმა მიიღო, ხოლო ყველაზე მაღალი  - კახეთის რეგიონმა. 
ექსპერტებმა რეგიონები შეაფასეს შემდეგი ოთხი კატეგორიის მიხედვით: ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მედეგობა, საინფორმაციო გარემოს მედეგობა და საზოგადოების მედეგობა. ყველა რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობამ სხვა კატეგორიებთან შედარებით ყველაზე დაბალი შეფასაბა მიიღო. 
  •  ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა ყველაზე დაბალი ქულით თბილისის (28%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (29%), ქვემო ქართლის (29%) და აჭარის (29%) რეგიონებში შეფასდა, ხოლო ყველაზე მაღალი ქულით - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (40%). 
  •  პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მედეგობამ ყველაზე დაბალი შეფასება თბილისის (34%), ხოლო ყველაზე მაღალი კახეთის (74%) რეგიონში მიიღო. 
  •  საინფორმაციო გარემოს მედეგობა ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (31%), შემდეგ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (43%), ყველაზე მაღალი ქულით კი სამცხე-ჯავახეთის (58%) რეგიონში. 
  •  საზოგადოების მედეგობა ყველაზე დაბალი ქულით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (39%) შეფასდა, შემდეგ მცხეთა-მთიანეთში (53%), ქვემო ქართლსა (53%) და შიდა ქართლში (53%), ხოლო ყველაზე მაღალი ქულით გურიაში (66%), ასევე იმერეთში (64%), თბილისსა (63%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (62%). 
 ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა
კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა ყველა რეგიონიდან ერთხმად აღნიშნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, რაც მიუთითებს ადგილობრივ თვითმმართველობაზე ცენტრალური ხელისუფლების ძლიერ გავლენაზე. ეს კი ხელს უშლის რეგიონულ მმართველობას ადგილობრივ გამოწვევებს თავისი მანდატის შესაბამისად უპასუხოს. ამ მხრივ, სხვა რეგიონებთან შედარებით განსაკუთრებულად კრიტიკულად შეფასდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები. 
 ექსპერტები ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის დაბალ ხარისხზეც საუბრობენ. ეს, მათი შეფასებით, განაპირობებს როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორის და მედიის ინფორმირებულობის დაბალ ხარისხს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მხრიდან ე.წ. „მონიტორინგის“ (ვოჩდოგი) ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას და მათთან მიმდინარე მოვლენებსა და საკითხებზე კომუნიკაციის ნაკლებობას. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, უკეთესი მდგომარეობა იყოს საკრებულოს ან მერიის შემთხვევაში, თუმცა, ეს უფრო გამონაკლისია და ზოგად ტენდენციად გამჭვირვალობის ნაკლებობა რჩება. 
ერთი შემთხვევის გარდა, არცერთი რეგიონის ექსპერტს არ უხსენებია დეზინფორმაციის და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ თუ საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებები. უფრო მეტიც, რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტიდან ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლების მხრიდან საკუთარი სოციალური მედიის გვერდებზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი მასალების გაზიარების ფაქტებს აღნიშნავენ. 
ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლების ინტეგრაციის პოლიტიკა თუ ქმედებები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) არ არის ეფექტური. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სათანადო სტრატეგიული ხედვა, როგორ გაუმკლავდეს გამოწვევებს. 
პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მედეგობა
პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მედეგობის შეფასებისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური აქტიურობა დედაქალაქში რეგიონებთან შედარებით მაღალია. მათი თქმით, (ოპოზიციური) პარტიების უმრავლესობა რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება, რაც განაპირობებს მდარე პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრობლემებზე დისკუსიაც შეზღუდულია. 
 ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარტიული პოლარიზაცია, რაც ცენტრალურ დონეზე განსაკუთრებულად მწვავედ იგრძნობა, ნაკლებად შესამჩნევია რეგიონებში, თუმცა, პოლარიზება რეგიონებსაც სწვდება და ადგილობრივი პოლიტიკოსების საქმიანობაზეც აისახება. ეს კი ხელს უშლის კონსტრუქციული დიალოგის და კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, იმერეთის საკრებულოს საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური ფრაქციის მიერ დაყენებულ საკითხებს საკრებულო ხშირად არცკი განიხილავს. 
 თითქმის ყველა რეგიონის ექსპერტი საუბრობს მმართველი პარტიის ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის და სამოქალაქო სექტორის მიმართ დისკრიმინაციულ განწყობებზე. ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, ზოგადად, დეზინფორმაციის გავრცელებით მმართველი პარტია გამოირჩევა, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ოპონენტების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებიც აღნიშნეს. ზოგიერთ რეგიონში ექსპერტებმა ისაუბრეს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მხრიდან კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე, თუმცა, ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ ამას განსაკუთრებული გავლენა არ აქვს საზოგადოებრივ აზრზე. 
საინფორმაციო გარემოს მედეგობა 
საინფორმაციო გარემოს შეფასებისას თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის მკვეთრი განსხვავება იკვეთება. თბილისი გამოირჩევა მედიაპოლარიზაციის მაღალი ხარისხით, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული მაუწყებლების უდიდესი ნაწილი, რომელთაც გამოკვეთილი პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ, სწორედ თბილისში არიან თავმოყრილნი. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებშიც არიან პროსახელისუფლებო და პროოპოზიციური ორიენტაციის მედიასაშუალებები, პოლარიზაცია ნაკლებად იგრძნობა. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, ადგილობრივი მედიასაშუალებების გაშუქება მეტ-ნაკლებად უფრო დაბალანსებულია, ვიდრე ცენტრალური მედიასაშუალებების. ზოგადად, ექსპერტები ჯანსაღი საინფორმაციო გარემოს შენარჩუნებისთვის ხაზს უსვამენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების როლს. ამასთან, ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, რეგიონებში მედიასაშუალებების მფლობელობა მნიშვნელოვნად გამჭვირვალეა და ცნობილია საზოგადოებისთვის.
 შეფასებული 11 რეგიონიდან, მცხეთა-მთიანეთში არ არსებობს საინფორმაციო მედიასაშუალება და მოსახლეობის ნაწილი (დუშეთის მუნიციპალიტეტში) ერთი ადგილობრივი სპეციალიზებული ტელევიზიის საშუალებით ეცნობა ადგილობრივი თემისთვის საინტერესო ამბებს. ამასთან ერთად, ინფორმაციას რეგიონის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებიდანაც იღებს. მსგავსია მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობისთვის ადგილობრივ ამბებზე ინფორმაციის ძირითადი წყარო, გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიებისა, არის ერთი დამოუკიდებელი ონლაინ მედიასაშუალება. 
სამცხე-ჯავახეთის მედიაგარემო, რომელსაც სხვა რეგიონებთან შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მაღალი შეფასება ჰქონდა, ექსპერტების თქმით, მრავალფეროვანი და დაბალანსებულია და ჟურნალისტები “არ ერიდებიან მწვავე საკითხების გაშუქებას…”. მსგავსი შეფასება გაკეთდა ქვემო ქართლის და გურიის ადგილობრივ მედიასაშუალებებთან  დაკავშირებითაც.  
ექსპერტები საუბრობენ დამოუკიდებელი მედიების გამოწვევებზე, რომელთა შორის ყველა რეგიონში ახსენეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური მდგრადობის საკითხი. ფინანსურმა არამდგრადობამ განაპირობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამოუკიდებელი საინფორმაციო ინტერნეტპორტალის  დახურვა 2023 წელს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს რეგიონის საინფორმაციო გარემოზე, პირველ რიგში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. ზოგადად, ადგილობრივი ტელეარხების უმრავლესობას ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემების მომზადებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები ხშირად არ გააჩნია. კახეთის რეგიონში დეზინფორმაციულ გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ საშუალებად საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 
ექსპერტებმა ყველა რეგიონიდან ისაუბრეს სამოქალაქო ორგანიზაციების წვლილზე რეგიონის მოსახლეობის განვითარების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა, მათი ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. „გონგო“, იგივე მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკას ატარებენ. რამდენიმე რეგიონში აღინიშნა ფაქტჩეკერების წვლილი საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღების პროცესში.  
 ერთ-ერთი ექსპერტის განცხადებით, ვინაიდან არ არსებობს ყველა ადგილობრივი მედიის მონიტორინგის შესაძლებლობა, მისი შეფასებები ძირითადად პირად დაკვირვებებსა და პროფესიული წრეების განცხადებებს ეყრდნობა. ადგილობრივი მედიასაშუალებების შეფასების სიმწირე თითქმის ყველა რეგიონში გამოიკვეთა.
საზოგადოების მედეგობა
მოსახლეობის შეფასებისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ისევე როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. ექსპერტების შეფასებით, ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია კრიტიკულ დროს სწორი არჩევანის გაკეთება, დასტურდება 2023 წლის მარტის მოვლენებითაც (ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები). ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საზოგადოების მიერ პროევროპული არჩევანის გაკეთების სასარგებლოდ მოქმედებს ინტერნეტის გავრცელება, ახალგაზრდების მიერ ტექნოლოგიების ფლობა, მეტი გახსნილობა, მოსახლეობის ნაწილის დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება.
ექსპერტები თითქმის ყველა რეგიონიდან საუბრობენ იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც დგას მოსახლეობა და რომელთა აღმოფხვრა მნიშვნელოვანია საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად. ამ გამოწვევებს შორის არის მოსახლეობის მედიაწიგნიერების დაბალი დონე, რაც ექსპერტებმა ყველა რეგიონში აღნიშნეს. იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც ხელს უშლის მოსახლეობას ნაწილს სრულყოფილად მიიღოს გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. 
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წლების განმავლობაში მედიის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიები ადგილობრივ მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი ცენტრალური მედიებია, როგორც წესი, ზოგადად მედია, როგორც ინსტიტუტი და მისი რეპუტაცია საზოგადოების თვალში დაზიანდა. 
 ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობაში კრემლის დეზინფორმაციის წარმატებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ექსპერტების თქმით, დაუცველობის განცდა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში აქვთ. ამის მიზეზად ექსპერტები სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომებს ასახელებენ, რაც მათი აზრით, სტრატეგიული ხედვის და მოსახლეობასთან კომუნიკაციის სიმწირეში გამოიხატება. 
ექსპერტები ამბობენ, რომ ცალკეულ შემთხვაში, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ფორმირებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, შესაძლოა განაპირობებდეს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც.
ადგილობრივი ხელისუფლება
  •  ცენტრალური ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია განპირობებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა გულისხმობდეს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას ამ პროცესში. 
  •  ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად უნდა აქციოს რეგიონის მოსახლეობის ფართო ფენების მედიაწიგნიერების დონის ამაღლება და შესაბამისი მექანიზმები დანერგოს ამ მიზნის განსახორციელებლად, მაგალითად, წაახალისოს მოსახლეობის მხრიდან ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც გააძლიერებს რეგიონში კრიტიკულ, მედიაწიგნიერ საზოგადოებას. 
  •  ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის შესახებ გამჭვირვალობის გაზრდა, ითანამშრომლონ მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. 
პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები
  •  მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა რეგიონში უნდა უზრუნველყონ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების წარმართვა, ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით.
  •  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნდა გააქტიურდნენ რეგიონის მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა. 
  •  პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი ქმედებით დადებითი როლი უნდა ითამაშონ არსებული პოლარიზაციის შესამცირებლად. 
საინფორმაციო გარემო
  • საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება რეგიონებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადგილობრივ მედიას მეტი შესაძლებლობა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, სწორი და ხარისხიანი ინფორმაციის შექმნა-გავრცელების საკითხებში, ასევე აქვს შედარებით მეტი ნდობა რეგიონის მოასახლეობის მხრიდან. 
  •  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გააძლიეროს რეგიონში მიმდინარე პროცესების აქტიური გაშუქება, უზრუნველყოს მუნიპიცალიტეტებში მიმდინარე საკითხებზე სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების ფართო წრისათვის. 
  •  აუცილებელია რეგიონში მოქმედი დამოუკიდებელი ადგილობრივი საინფორმაციო მედიასაშუალებების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება. 
  •  მნიშვნელოვანია, რომ იმ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი საინფორმაციო მედიასაშუალებები არ არსებობს, ხელი შეეწყოს ადგილობრივი მედიების შექმნას ან არსებული რეგიონული მედიასაშუალებების გაძლიერებას, რომლებიც შეძლებენ ამ რეგიონების მოსახლეობის საინფორმაციო საჭიროებების დაკმაყოფილებას.
  •  დეზინფორმაციული ნარატივების გამოვლენისა და ადგილობრივ მოსახლეობამდე მიტანის მიზნით მნიშვნელოვანია ფაქტ-ჩეკერების საქმიანობის გავრცელება ყველა რეგიონში. 
დეზინფორმაცია უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის. დეზინფორმაცია გულისხმობს ცრუ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც შემუშავდა და გავრცელდა განზრახ, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით ან გარკვეული ფინანსური მოგების მისაღებად. დეზინფორმაცია ძირს უთხრის დემოკრატიას ბევრი სხვადასხვა კუთხით; მას შეუძლია დაასუსტოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და საარჩევნო სისტემაზე, ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ეროვნულ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებებს.
 ინტერნეტის და სოციალური მედიის ფართოდ  გავრცელებასთან ერთად, ადამიანები ერთდროულად გახდნენ ინფორმაციის მწარმოებლები, გამავრცელებლები, მომხმარებლები და წყაროები. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე ინტერნეტის და სოციალური ქსელების საშუალებით ეცნობა. შესაბამისად, დღევანდელ ინფორმაციით მოცულ სამყაროში, მოქალაქეებს სჭირდებათ აღჭურვილნი იყვნენ ისეთი ტექნიკური და კოგნიტური უნარებით, რომლებიც მათ დაეხმარება მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალის კრიტიკულ გაანალიზებაში და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. 
 სხვადასხვა წყაროების თანახმად, სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით რუსეთი ლიდერობს. რუსეთის მთავრობის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები მიზნად ისახავს გაურკვევლობის გამოწვევას საზოგადოებებში და ამგვარად რუსეთის მხარდაჭერის განვითარებას. რუსეთის მთავრობის ასეთი ქმედებები საზიანოა ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიებისთვის პოსტ-საბჭოთა რეგიონში, რომლებსაც რუსეთთან ისტორიული სოციო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთის ჰიბრიდული ომის შედეგები საქართველოსთან ბოლო წლებში განსაკუთრებულად თვალსაჩინოა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და მასთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციულმა კამპანიებმა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ქვეყანა. ამავე წელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარის თქმამ გააღრმავა არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაცია, ბიძგი მისცა რა ახალი დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ხელისუფლების მხრიდან. ბოლო წლებში გენდერული ნიშნით და ლგბტქი იდენტობის თემებზე დეზინფორმაციული შინაარსის მასალები, როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაში, ხშირად უცხო ქვეყნის საინფორმაციო ჩარევებთან ერთად მმართველ პარტიას  უკავშირდება. ასეთი ქმედებების სამიზნე ყველაზე ხშირად ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკური ოპონენტები ხდებიან. 
 სახელმწიფოს მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმების შეფასებისას, ექსპერტები და მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პროცესი ეფექტურად არ მიმდინარეობს; მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შექმნილია სამსახურები, რომლებიც დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, კვლავაც პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან არსებული გამოწვევის ანალიზი, უწყებათშორისი კოორდინაცია და კონკრეტული ქმედებების ეფექტიანობა. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს მთავრობას 2020 წლის შემდეგ არ განუახლებია “ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ მთავრობის სტრატეგია”, ასევე უსაფრთხოების ეროვნული კონცეფცია და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი.
 სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია და არაეფექტურია. ქვეყანაში, მედიაწიგნიერების პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი პლატფორმა, „მედიაკრიტიკა”, რომელიც მიზნად ისახავს „მედიაპროდუქტების გაანალიზებას და შეფასებას მედიის ხარისხის ამაღლების მიზნით”, სხვადასხვა ექსპერტის, საერთაშორისო ორგანიზაციის თუ კვლევის მიხედვით განიხილება როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტი. დადებითად არის შეფასებული არასამთავრობო სექტორის მიერ საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.
საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს მოსახლეობის ნაწილში ულტრა კონსერვატიული შეხედულებების არსებობას, რაც კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს შეიძლება ქმნიდეს. ასევე, ქართული მედიის ნაწილი გაჯერებულია ანდიტასავლური, ანტიამერიკული და პრორუსული რიტორიკით. ცოტა რამ არის ცნობილი საზოგადოების მედიაწიგნიერების დონის შესახებ. ერთ-ერთი საერთაშორისო შეფასების თანახმად, საქართველო მედიაწიგნიერების კუთხით ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო, 41-ე ადგილზეა.
 ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, და იმის გათვალისწინებითაც, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობები ცენტრალურ ხელისუფლებაზე უფრო ახლოს დგანან რეგიონის მოსახლეობასთან და შესაბამისად, მეტი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათზე, გაჩნდა საჭიროება, შეგვეფასებინა რამდენად სათანადოდ არის მომზადებული საქართველოს თითოეული რეგიონი თანამედროვე დეზინფორმაციულ გამოწევევებთან გასამკლავებლად. 
ანალიტიკური ჩარჩო
ქვემოთ მოცემულია კატეგორიები და ინდიკატორები, რომლებსაც ეყრდნობა ინდექსი.
ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა- ეს კატეგორია ქვემოთ ჩამოთვლილ ოთხ ინდიკატორს ეყრდნობა (რვა დებულება):  
  • ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული      აქტივობები და დეზინფორმაციასთან გამკლავების შესაძლებლობები
  • ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობა
  • ადგილობრივი სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი 
პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მედეგობა - ეს კატეგორია ქვემოთ ჩამოთვლილ ორ ინდიკატორს ეყრდნობა (ხუთი დებულება):
  •  პარტიული პოლარიზაცია
  •  პარტიების და პოლიტიკოსების ანტიდასავლური დისკურსი
საინფორმაციო გარემოს მედეგობა - ეს კატეგორია ქვემოთ ჩამოთვლილ ექვს ინდიკატორს ეყრდნობა (15 დებულება): 
  •  პოლარიზაცია ადგილობრივ მედიაში
  •  დეზინფორმაციის გავრცელების ხარისხი ადგილობრივ მედიაში
  •  ადგილობრივი მედიის გამოწვევები
  •  ადგილობრივი მედიის მუშაობა და გავლენა
  • ადგილობრივი მედიის გამჭვირვალობა
  •  სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის ეფექტურობა
საზოგადოების მედეგობა - ეს კატეგორია შვიდ ინდიკატორს ეყრდნობა (16 დებულება):
  •  საზოგადოების ნდობა სახლმწიფო ინსტიტუტების და მედიის მიმართ
  •  საზოგადოების მიერ მედიის გამოყენება
  •  საზოგადოების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა
  •  საზოგადოების მედიაწიგნიერების უნარები
  •  საზოგადოების დამოკიდებულება დასავლეთის და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ
  •  საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
  •   ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა

მეთოდოლოგია სრულად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ინდექსი 2023

თბილისი

42
100

მცხეთა-მთიანეთი

43
100

კახეთი

54
100

შიდა ქართლი

47
100

ქვემო ქართლი

45
100

სამცხე-ჯავახეთი

52
100

აჭარა

43
100

სამეგრელო-ზემო სვანეთი

45
100

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

42
100

გურია

52
100

იმერეთი

49
100

მასალა მომზადდა „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ და ის შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
Loading…
Loading the web debug toolbar…
Attempt #