ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევა – „ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ“  წინასაარჩევნი პერიოდში ქართული მედიის მდგომარეობას მიმოიხილავს. კვლევის  თანახმად, არჩევნების წინა პერიოდში თავისუფალ მედიას მზარდი საფრთხეების ფონზე უწევს მუშაობა. კვლევის შედეგები წარმოაჩენს იმ მძიმე გამოცდილებას, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს ბოლო 6 თვის განმავლობაში.

კვლევაში მონაწილე ჟურნალისტები აღნიშნავენ დაშინების, თვალთვალის, დისკრედიტაციის, ინფორმაციის შეზღუდვის და თავდასხმების გამოცდილებებს. ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარე მოვლენებს. 

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა:

  • გამოკითხული 93 რესპონდენტიდან 42% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად, ხოლო 38% დაუცველად გრძნობდა თავს დემონსტრაციების გაშუქებისას. გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მათ ან/და მათ თანამშრომელს გამოუცდია პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან შევიწროება. გამოკითხულთა 42%-ს ან/და მათ თანამშრომელს გამოუცდიათ ფიზიკური თავდასხმა. რესპონდენტების 39%-ს ან/და მათ თანამშრომლებსაც გამოუცდიათ თვალთვალი. რესპონდენტთა 30%-ის თქმით, მათთვის ან/და მათი თანამშრომლისთვის დაუზიანებიათ პირადი ქონება, ხოლო 18%-ის თქმით, თავად ან/და მათ თანამშრომლებს გამოუცდიათ ჩასაფრება.
  • კვლევის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ისინი გამუდმებით არიან ფარული მიყურადების ქვეშ, ისევე როგორც მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. გამოკითხულთა 54%-მა ამბობს, რომ დეზინფორმაციული კამპანიის ადრესატი ყოფილა თვითონ ან/და მისი თანამშრომელი. რესპონდენტების 39% ასახელებს მობილური ტელეფონით
    მიყურადებას, 25% დაჰაკვის გამოცდილებას, 24%-ის თქმით ყოფილა კიბერთავდასხმის ადრესატი.
  • გამოკითხვისას კომენტარის მიღება პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 82%-მა. რესპონდენტთა 79%-მა დაასახელა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის გამოცდილება, 61%-მა კი საჯარო უწყებებში შესვლის შეზღუდვის გამოცდილება.
  • „უცხოეთის აგენტების“ კანონის წინაშე რესპონდენტების 65% საკუთარ თავს ძალიან დაუცველად, 23% კი დაუცველად მიიჩნევს.
  • გამოკითხულ რესპონდენტთა 78%-მა დაასახელა შეურაცხყოფის/სიძულვილის ენის გამოცდილება, აქედან 56% ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონია თავადაც და მის თანამშრომელსაც. 52%-ის თქმით, მას ან/და მის თანამშრომელს

გამოუცდია დაშინება/მუქარა ციფრულ სივრცეში. სიტყვიერი დაშინება/მუქარის გამოცდილება რესპონდენტთა 44%-მა დაასახელა.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ:


პროექტი, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება საზოგადოების
მდგრადი განვითარებისთვის (ConMeCo), ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ
მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან
თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს
თანადაფინანსებით.