2024-2025 წელს, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”, უცხოელი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების საქართველოში არ შემოშვების 9 შემთხვევა, ხოლო ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის 1 შემთხვევა აღრიცხა.
ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მოტივი, სამართალდამცველებს, არცერთ შემთხვევაში არ დაუკონკრეტებიათ. დოკუმენტში, რომელსაც ისინი გადასცემდნენ ჟურნალისტს, მიზეზად დასახელებული იყო “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა”.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადად არ უშვებდნენ ჟურნალისტებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან; აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი საქართველოში იყო ნამყოფი, ზოგს ჰქონდა საქართველოში საპროტესტო აქციების გაშუქების გამოცდილებაც. მათ მსგავსად, ქვეყანაში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორი და ბელარუსი ჟურნალისტი.
საჯაროდ გავრცელებული შემთხვევები:
- 2025 წლის 11 ივნისს, საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო. ფოტოგრაფი გასულ წელს საქართველოს ორჯერ სტუმრობდა და გადაღებული აქვს ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებიც. მისი ფოტოები დაიბეჭდა The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში, გამოიფინა თბილისის ფოტოფესტივალზე „ქოლგა“;
- 2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა; მიმდინარე წლის 31 მარტს, ნილმა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიებსა და საქართველოში, პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ;
- 2025 წლის 30 მარტს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთრეს იტალიური მედიის NurPhoto-ს ფოტოჟურნალისტს ჟერომ შაბოს, იქამდე, იგი რამდენიმე თვე საქართველოში იმყოფებოდა და აშუქებდა პროტესტს;
- 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ფრანგი ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო. იგი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera;
- 2024 წლის 30 დეკემბერს, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ბელგიელ ჟურნალისტს ვიტსე დე გეიტერს;
- 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა;
- 2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ბეისლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათის განმავლობაში იყო;
- 2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი;
- 2024 წლის 16 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, რომელიც ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად;
ქვეყანის დატოვების უფლების შეზღუდვა:
- 2024 წლის 17 ივლისს, ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს აფგან სადიქოვს. 3 აგვისტოს სადიგოვი დააკავეს და 4 აგვისტოს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. 2025 წლის 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა, აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.