2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის, მათთვის მუშაობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების არაერთი შემთხვევა. ამ აქციაზე პირველად, ონლაინ მედიის ნაწილმა , სავარაუდოდ, ხელოვნურად შექმნილი შეფერხების გამო, ვერ შეძლო საჰაერო გადაღების კამერებით მუშაობა.
საჯაროდ გავრცელებული შემთხვევები:
- ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა / ტელეფონის ჩამორთმევის მცდელობა
“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძისთვის, კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა მუშაობაში ხელშეშლა და ტელეფონის წართმევა სცადა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა მოქალაქეების დაკავების კადრები გადაეღო. “ორბელიანის მოედანთან სპეცრაზმი გაეკიდა ორ მოქალაქეს დასაჭერად, მათგან ერთ-ერთი ირაკლი წულაიაა. “ვიღებდი კადრებს და კრიმპოლის ორი თანამშრომელი მომვარდა ღრიალით, ხელზე მეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ტელეფონი,” – წერს თუთბერიძე პოსტში.
“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის ოპერატორს, სავარაუდოდ დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ცრემლსადენის გაზის გასროლისა და კაფსულების ვარდნის ხმა იქ, სადაც “TV პირველის” გადამღები ჯგუფი მუშაობს. ამ დროს, მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს უკვე დატოვებული ჰქონდათ. გასროლამდე, წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა. ჟურნალისტს და ოპერატორს დაზიანებები არ მიუღიათ.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ჟურნალისტი სამართალდამცველს უხსნის რომ ჟურნალისტია და ეკითხება, რატომ უშლის მუშაობაში ხელს.
- ფიზიკური დაზიანება
აქციაზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასტან მოხდა . კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა. მას სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.
მეორე შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ. მოგვინებით საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. “იმედის” ჟურნალისტების შესახებ.
- ტექნიკის დაზიანება/დაკარგვა
გამოცემებმა „პროექტი 64”, „ნეტგაზეთი” და „მაუწყებელი” საჰაერო გადაღების კამერები დაკარგეს.
“პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა. “ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“.
„ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონი დაკარგა გამოცემა “მაუწყებელმაც”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.