2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს) მედიის წარმომადგენლების მიმართ მუშაობის ხელშეშლის, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
საჯაროდ გავრცელებული ინციდენტები:
- ვერბალური თავდასხმა ჟურნალისტებზე
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა. შემთხვევა თბილისში, 64-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. კახა კალაძე, ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობაზე საუბრობდა. “ფორმულას” ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა ეს, რაზეც მან უპასუხა – “ რაღაც ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ, არც მეორე”.
“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, “TV პირველის” ჟურნალისტს ინა ცარციძეს “მატყუარა” და “მატყუარა ტელევიზიის” წარმომადგენელი უწოდა. “თქვენ, თქვენი პატრონები ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმურები”, – ასე უპასუხა ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო მისგან პასუხი, დაუკავშირდა თუ არა მას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
“ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში, მე-11 საარჩევნო უბანზე “TV პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს “საცოდავები” და “მთავარი ფეიკერები” უწოდა. მისი პასუხი მოჰყვა ჟურნალისტების შეკითხვებს, ხომ არ ელოდება თავადაც დაკავებას, მას შემდეგ, რაც მისი გარემოცვიდან ყველას აკავებენ.
- მუშაობაში ხელშეშლა
ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, “TV პირველის” ჟურნალისტს, ნატო გოგელიას “ქართული ოცნების” აგიტატორები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ ჯერ კამერაზე ხელის აფარებით გადაღებაში ხელშეშლა სცადეს, შემდეგ ჟურნალისტს შეაგინეს. მათი გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას, გაერკვია, რატომ იდგნენ საარჩევნო უბანთან სიებით და რატომ აღრიცხავდნენ ამომრჩეველს.
ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა. მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ მხოლოდ 10 წუთი შეეძლო გადაღება. გამოცემის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ მისცა ჟურნალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალება, რაც მას საოლქო კომისიიდან დაუკავშირდნენ და წესები განუმარტეს.