2025 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ახალი უბნის, “ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ წლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა, რომლებსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ. არასრულწლოვანთა გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ტრაგედიის ადგილზე მოსახლეობამ მოიყარა თავი და სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კითხვებს, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს, უსვამდა. მიმდინარე მოვლენებს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებს ტრაგედიით სპეკულირებაში დასდო ბრალი. შემთხვევის ადგილზე მისული მოსახლეობის ნაწილიც, რომელიც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მიერ იყო კოორდინირებული, აგრესიულად გამოირჩეოდა “აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტების მიმართ, მათ ალყაში მოაქციეს ფინანსთა მინისტრი და მედიის წარმომადგენლებს მასთან კითხვების დასასმელად მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში უკანონოდ უშლიდნენ ხელს.