09-06-2025
ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სტიკერის გაკვრის ფაქტზე ახალი სამართალდარღვევის საქმე განიხილება

9 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს. როგორც 7 მაისს მზია ამაღლობელის წარმომადგენლისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ჟურნალისტს შსს კიდევ ერთ სამართალდარღვევას ედავება. ამჯერად, მას შენობის იერსახის დამახინჯებას ედავებიან – 11 იანვრის აქციაზე, იმ საპროტესტო პლაკატის გაკვრისთვის, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს. 

შეგახსენებთ, რომ  ამ ქმედების გამო მზია ამაღლობელი მაშინვე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პლაკატის გაკვრა არ წარმოადგენს დაკავების სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც იგი დაახლოებით ერთ საათში გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი შსს-მ დაკავების გასამართლებლად სამართალდარღვევათა ოქმში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მიუთითა. ამ საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლომ მზია ამაღლობელი უკვე ცნო სამართალდამრღვევად და 2000 ლარით დააჯარიმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად იგივე ქმედებაზე უკვე დადგენილია სამართალდარღვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლა განიხილავს იმავე საქმის ახალ სამართლებრივ კვალიფიკაციას. საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს, რომელიც თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.

Share
09-06-2025
1
სამართლებრივი დევნა | სამართლებრივი ინციდენტები
სამართალდამცველი
პროფესიული ნიშნით დევნა
ბათუმი