11-06-2025
ქუთაისი
სამართალდამცველი
პროფესიული ნიშნით დევნა
ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, პასპორტში ჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, მაგრამ, შემდეგ საბუთები აღარ დაუბრუნეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. კითხვები მისი მარშრუტს შეეხებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მკაფიო განმარტების გარეშე, უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და მიზეზად დაუსახელეს “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები”. 

მარილიზ ვინიო გასულ წელს საქართველოს ორჯერ სტუმრობდა. მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მის მიერ გადაღებული ფოტოები  დაიბეჭდა The Eye of Photography-სა და Hot Mirror-ში , გამოიფინა თბილისის ფოტოფესტივალზე „ქოლგა“ და ასევე, მოხვდა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე.

“ვიცი, რომ პირველი ფოტოჟურნალისტი არ ვარ, ვისაც ეს დაემართა. გასულ ზამთარს ორჯერ ვესტუმრე საქართველოს. პირველად ერთი თვით, ოქტომბერ-ნოემბერში, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ სამი კვირით დეკემბერში. ამ დროს თითქმის ყოველ საღამოს დავდიოდი რუსთაველსა და პარლამენტთან. სოლოლაკში ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ნიშნავდა, რომ შენობის უკან მდგარი პოლიციის პირდაპირ უნდა გამევლო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჯერ არ ჰქონდა დამონტაჟებული ჩინური ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალთვალო კამერები, ვფიქრობ, „მომმნიშნეს“, – წერს იგი. 

მარილიზ ვინიო არ არის პირველი, ვინც საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში შესვლაზე 6 უცხოელს უთხრეს უარი.

Share
11-06-2025
1
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა
სამართალდამცველი
პროფესიული ნიშნით დევნა
ქუთაისი