24 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების პერიოდში მედია არაერთი თავდასხმისა თუ უკანონო შეზღუდვის ობიექტი გახდა. გამოიკვეთა მედიის უკანონოდ დასანქცირების მთელი რიგი შემთხვევები მათ მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მათ შორის, აქციების გაშუქებისას უსაფუძვლოდ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმება.
“გზის ხელოვნურად გადაკეტვა” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად ითვლება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად. ჟურნალისტები, რომელთა წინააღმდეგაც ამ საფუძველზე დაიწყო სამართალწარმოება, აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გადადიან და გზის სავალ ნაწილს კეტავენ, ჟურნალისტები იმყოფებიან ადგილზე — პირდაპირ ჩართვებში მონაწილეობენ, იღებენ ინტერვიუებს, ფოტოებს, ვიდეომასალას და სხვა.
28 ნოემბრიდან დღემდე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით ჟურნალისტების დაჯარიმების 33 შემთხვევა დაფიქსირდა.
- შსს-მ OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით ოთხჯერ დააჯარიმა 11 მარტს, 15 მარტს, 2 და 3 აპრილსაც. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული.
მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. ერთ-ერთ საჩივარზე კი, რომელიც 11 მარტს გზის გადაკეტვას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტს უარი უთხრა ჯარიმის გაუქმებაზე. დანარჩენები კვლავ განხილვის ეტაპზეა.
ჟურნალისტის თქმით, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი, ასევე ჰქონდა ფოტოკამერა.
- 2025 წლის 23 მაისს, “პუბლიკის” ჟურნალისტს, მარიამ ქავშბაიას, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
მარიამ ქავშბაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი პოლიციამ მიმდინარე წლის 3 თებერვალს შეუდგინა. შსს ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები – ამ დღეს მის მიერ გადაღებული ფოტომასალა, ასევე, „პუბლიკის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები. გარდა ამისა, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალაშიც ჩანდა, როგორ მუშაობს ჟურნალისტი აქციის მიმდინარეობისას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჟურნალისტის მიმართ შედგენილი ჯარიმა დააკმაყოფილა და 5000 ლარის გადახდა დააკისრა.
- 2025 წლის 25 აპრილს, ჟურნალისტ ირინა მაკარიძეს შეატყობინეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით არის დაჯარიმებული.
ჟურნალისტის თქმით, ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აქციას აშუქებდა „ქრონიკა +-თვის“.
- 2025 წლის 12 აპრილს, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ჟურნალისტი – ლუკა კაციტაძე 5000 ლარით დააჯარიმეს.
ონლაინ გამოცემა “ტაბულა” წერს, რომ ლუკა კაციტაძე 12 აპრილს შოთა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
- 2025 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით“ 5000 ლარით არის დაჯარიმებული. შსს-მ მას გზის 12 მარტს გადაკეტვას ედავება, რა დროსაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
- ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 10 აპრილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5000 ლარით დააჯარიმა. მას რუსთაველის გამზირზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან. ფოტოგრაფი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მას თითქმის მიტინგი და აქცია არ გამოუტოვებია, რომლებსაც სხვადასხვა ფორმით აშუქებდა. ის გამოწერილ ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს.
- 2025 წლის 8 აპრილს, დაჯარიმების შესახებ აცნობეს “მაუწყებლის” ჟურნალისტს თოზუ გულმამედოვას. მას ამავე წლის 16 თებერვალს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან. “მაუწყებლის” ინფორმაციით, თოზუ გულმამედოვა ამ დღეს აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
- მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე შსს-მ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის 29 მარტს გადაკეტვას ედავება.
“დადგენილებაში, რომელიც უწყებამ ღოღობერიძეს ჩააბარა, არსადაა მითითებული, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა — ის აქციის მონაწილედ არის მოხსენიებული. ჟურნალისტი ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს”, – წერს მედია “აპრილი”.
- 2025 წლის 25 მარტს, გამოცემა “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი საქართველოში, ნინო დალაქიშვილი, გზის გადაკეტვის საფუძვლით, 5000 ლარით დააჯარიმეს.
ნინო დალაქიშვილსაც გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან იმ მომენტში, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.
- 2025 წლის 21 მარტს, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა. მას რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან.
- 2025 წლის 19 მარტს, 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების შესახებ შეტყობინება მიიღო ”რადიო თბილისის” ჟურნალისტმა მერაბ მერკვილაძემ.
- “TV პირველის” ფოტოკორესპონდენტი, გიორგი მოსიაშვილი, შსს-მ 5000 ლარის დააჯარიმა. პოლიცია მოსიაშვილს 11 მარტს, 21:03 საათზე, რუსთაველის გამზირზე, გზის “უკანონოდ გადაკეტვას” ედავება. გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაჯარიმების მომენტში ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ეს მოსიაშვილის მეორე ჯარიმაა. პირველი 2025 წლის 21 თებერვალს აქვს მიღებული და იქაც “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან. ჯამში, მას აქვს ორი ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
- “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტს 2025 წლის 13 მარტს გზის “უკანონოდ გადაკეტვას” ედავებიან. “ფორმულას” განცხადებით, 13 მარტს ნანო ჩაკვეტაძე რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
- 2025 წლის 9 მარტს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელი, საავტორო გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი დააჯარიმეს. როგორც ვიდეობლოგში ამბობს, საჯარიმო ქვითარი მაშინ გადასცეს, როდესაც მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდა.
- 2025 წლის 11 თებერვალს, შსს-მ 5000 ლარით დააჯარიმა ონლაინ მედია ”64-ის” წარმომადგენელი ბექა ბერიძე. უწყება მას გზის „უკანონოდ გადაკეტვას“ ედავება.
ბერიძემ შსს-ს მიერ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა უწყებამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამჯერად სასამართლოშია გასაჩივრებული.
- 2025 წლის 21 თებერვალს, შსს-მ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა. მას ეცვა პრესის ჟილეტი და ეკეთა სპეციალური მოწმობა. ჟურნალისტს მოგვიანებით ჯარიმა მოუხსნეს.
- 2025 წლის 14 თებერვალს, “პუბლიკის” ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი გზის “ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით დააჯარიმეს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, იღებდა მიმდინარე მოვლენებს, ასევე, მას პრესის მოწმობა ეკეთა.
6 ივნისს შსს-მ არ დააკმაყოფილა “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი. ჟურნალისტს წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.
“შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა დასჯადი. მედიისთვის გამოცხადებული საკანონმდებლო თუ ფიზიკური ომის ფონზე, ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა – შსს მისაზღვრავდეს სად ვიმუშაო და როგორ, რას მიიჩნევს ჟურნალისტიკად და რას – არა. შსს-ს თანამშრომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რატომ არის საშიში მედიისთვის ძირის გამოთხრა” – დაწერა ბასტი მგალობლიშვილმა.
- 2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა შსს-ში წარადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით, მას ეს ჯარიმა მოუხსნეს.
- 2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმა 5000 ლარით გზის “უკანონოდ გადაკეტვის” საფუძვლით. შსს-თვის წარდგენილი მტკიცებულებების შემდეგ, ჯარიმა მასაც მოუხსნეს.
- 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. შსს-დან მას 21 თებერვალს აცნობეს. უწყებიდან განუმარტეს, რომ 5000 ლარით დააჯარიმეს პარლამენტის მიმდებარედ გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” გამო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის საფუძველზეც,ს მას აცნობეს, რომ ჯარიმა მოუხსნეს.
- 2025 წლის 14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან “ტაბულას” ჟურნალისტს, ბექა ჯიქურაშვილსაც.
“ტაბულას” ცნობით, ჯიქურაშვილს ეკეთა პრესის მოწმობა და სამუშაო მოვალეობას ასრულებდა.
- 2025 წლის 2 თებერვალს, შსს-მ დააჯარიმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე. მას პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნათია გოგსაძეს დაჯარიმების შესახებ ტელეფონით აცნობეს. სატელეფონო საუბრისას საჯარიმო თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
- 2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან „დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები“, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა. „ტაბულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
- მედია “აპრილის” ფოტოკორესპონდენტს, ვახო ქარელს შსს „უკანონოდ გზის გადაკეტვას“ ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: “ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”.
- “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, პოლიცია გზის “ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს, ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა. ჟურნალისტს მოგვიანებით ჯარიმა მოუხსნეს.
“დოკუმენტაცია, რომ ის ნამდვილად “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტია და იმ დღეს რედაქციის დავალებას ასრულებდა, პოლიციაში უკვე წარადგინა. თუმცა, შეტყობინება, შეწყდა თუ არა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ჯერ არ მიუღია” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” სტატიაში.
- 2025 წლის 4 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც.
- დავით კეკენაძე, საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. პოლიცია მას 3 იანვარს გამართულ პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.
- ფოთის ტელევიზიის “მეცხრე ტალღის” დირექტორი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე, გერმანე სალია, დააჯარიმეს 1 000 ლარით ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის დროს მანქანით გადაადგილების გამო. როგორც თავად სალია აცხადებს, ის მსვლელობას ესწრებოდა როგორც ჟურნალისტი, მასალის მომზადების მიზნით. სამი დღის შემდეგ, ფოთიდან ზუგდიდისკენ მიმავალი სალია გააჩერა საპატრულო პოლიციამ და აცნობა, რომ მისი მანქანა ძებნაზე იყო გამოცხადებული 2024 წლის 13 დეკემბრის აქციაში მონაწილეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მან განუმარტა პოლიციელებს თავისი პროფესიული მოვალეობის შესახებ, სალიას ჯარიმა მაინც დააკისრეს.
- 2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა პოლიციაში წარადგინა სრული დოკუმენტაცია, რომ ის ჟურნალისტია და 10 ნოემბერს აქციის გასაშუქებლად იყო სანაპიროზე, ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაინც გადაიგზავნა, თუმცა, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, პროცესი გადადებული იყო. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ სალომე ჩადუნელის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა. თუმცა, ამის წერილობითი დასტური მას ჯერ არ მიუღია” – წერს “რადიო თავისუფლება”.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების ფონზე გაზარდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარამდე გაიზარდა.