2025 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც მიმდინარე წლის 9 მაისს, სასამართლოს შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და დასაბუთების გარეშე, სასამართლო სხდომის ფოტო და აუდიო გადაღება აკრძალა. სხდომაზე მხოლოდ ვიდეოკამერების დასწრება დაუშვა. “ბარბაქაძემ სხდომის დაწყებისას თქვა, რომ მიიღო მედიის განცხადებები ვიდეო და ფოტო გადაღების და აუდიო ჩანაწერების გაკეთების უფლების შესახებ, თუმცა, მხოლოდ ვიდეოს გადაღების უფლება გასცა, ფოტოსა და აუდიოზე უარი კი არც დაასაბუთა” – წერს საინფორმაციო სააგენტო “პუბლიკა”.
სასამართლოებში მედიის მუშაობის შეზღუდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიას სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ მისცა.