18-06-2025
თბილისი
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს სასამართლო პროცესების საჯაროობას
18 ივნისს, პარლამენტში დაინიცირდა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 26 ივნისს, მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა, მათ შორის, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვას. ცვლილებები სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მედიისთვის პროცესების გაშუქებას. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
- სასამართლოში გადაღების შეზღუდვა: ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღება/ტრანსლაცია აკრძალულია სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.
- მაუწყებლების წვდომის შეზღუდვა: უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეზღუდვის გარეშე შეეძლო სასამართლო პროცესის გაშუქება, თუ ის არ სარგებლობდა ამ უფლებით, გადაღების უფლება სხვა მაუწყებელს გადაეცემოდა მოსამართლის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
- პირადი ნივთების ჩამორთმევის უფლება: სასამართლოს ენიჭება უფლება, შენობაში შესულ პირებს ჩამოართვას მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-ვიდეო-აუდიო ტექნიკა და სხვა ნივთები.
- სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობის შეზღუდვა: სასამართლო აქტები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდება საჯარო. ნებისმიერ პირს, მათ შორის მედიას, ეკრძალება გადაწყვეტილების გამოქვეყნება დეპერსონალიზაციის გარეშე. ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
- პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის: მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ან სხვა მსგავსი ქმედებით) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო პროცესის საჯაროობის პრინციპს და დაუსაბუთებლად ზღუდავს მედიის წვდომას ღია სასამართლო პროცესებზე, რაც ეწინააღმდეგება ღიაობისა და ანგარიშვალდებულების დემოკრატიულ პრინციპებს.
18-06-2025
მედიის შემზღუდავი კანონი | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი