2025 წლის 19 ივნისს, ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდს” (MDF) ჩაბარდა სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ბიურო ორგანიზაციას დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის ბენეფიციარებისა და პარტნიორების პერსონალურ მონაცემებს.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის ერთ-ერთი საფუძველია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მედიის თავისუფლების მდგომარეობისა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის შესახებ ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნება. MDF-მა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა .
MDF ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) წევრი ორგანიზაციაა. EFCSN-მა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც ის სოლიდარობას აცხადებს საქართველოში ფაქტების გადამოწმების პლატფორმებს. EFCSN-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მითების დეტექტორი (MDF-ის პროექტი) გამჭვირვალობისა და ჟურნალისტური მეთოდოლოგიის კუთხით მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
MDF-ის გარდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმის წარმოება დაიწყო, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი კიდევ სამი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა” და “სამართლიანი არჩევნების” მისამართით. ჯამში, სასამართლო უწყება უკვე 7 სამოქალაქო ორგანიზაციას მიუვიდა.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” “რუსული კანონების” ამოქმედებას აფასებს როგორც “სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევას”. მედია ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას, მედია ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს – გააერთიანონ ძალები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. “მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არის დემოკრატიის თავისუფლების საფუძველი”, – ნათქვამია განცხადებაში