26-10-2024
გორი
ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.
საჯაროდ გავრცელებული წყაროების თანახმად:
- Qartli.ge-ს ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს სოფელ პატარა გარეჯვარში სოფლის გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც წიწიკაშვილი ჰყვება, ამ სოფელში მან ჩაწერა ადამიანები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ საარჩევნო უბანთან რუსულნომრიანი მანქანიდან ფულს არიგებდნენ. ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ უბნის გარეთ ეძახდნენ. უბნიდან გასულ ჟურნალისტს, ადგილზე სოფლის გამგებელი ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. წიწიკაშვილი ამბობს, რომ გამგებელმა მას დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიჰყვნენ.
- სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბნიდან კი კომისიის თავმჯდომარემ ასევე Qartli.ge-ს ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის გაძევება სცადა. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი.
- „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს გიორგი დვალიშვილსა და ლაშა ჯიოშვილს სოფელ ტიხისქიდში გადაღებაში ხელი შეუშალეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.
26-10-2024
4
დაშინება/მუქარა | ვერბალური თავდასხმა | მუშაობაში ხელშეშლა | საარჩევნო უბნიდან გაძევება | სიტყვიერი შეურაცხყოფა
საჯარო მოხელე
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
გორი