არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების“ ბრალდებით.
2025 წლის 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” გამოძიების მხარდაჭერი სიუჟეტი გაავრცელა, კერძოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები პროევროპული აქციებიდან. პროკურატურის ბრალდება ორგანიზაციებს ედავება პრო-ევროპული აქციების მონაწილეებისთვის სპეციალური ეკიპირების (როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები) შესაძენად თანხების მობილიზებას.
50-ზე მეტმა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ყადაღადადებულ ორგანიზციებს.
“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა” – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 27 აგვისტოს, შვიდი ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღეს, ესენია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“ (GDI), „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. აქედან, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI და GDI “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრები არიან.