2025 წლის 30 ნოემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში გავიდა მორიგი სიუჟეტი, რომელიც პლატფორმა “სინათლე მედიის” დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის სათაური მსგავსი იყო სიუჟეტისა სახელწოდებით – „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“, რომელიც 23 ნოემბერს გავიდა ეთერში და სადაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ გაჟღერდა, თითქოს მედიები “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების” ინტერესებით მოქმედებენ, რაშიც მათ დაფინანსების სახით 17 434 381 მილიონი ლარი მიიღეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ე.წ “შავ ფულზე” და დამოუკიდებელი მედიები დაადანაშაულა თითქოსდა ისინი “უცხოური სპეცსამსახურების შედგენილი გეგმით მოქმედებენ”, სხვა მსგავსი სქემების პარალელურად და ებრძვიან “ეროვნული ინტერესის” პროექტებს, რომლებიც “ქართული ოცნები” ინიციატივით ხორციელდება.
„სინათლე მედია“ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანებაა:
- რადიო მარნეული
- Jnews
- Chai Khana
- OC Media
- პუბლიკა
- ინდიგო
- მედიაჩეკერი
- აპრილი მედია
- Qartli.ge
- ჩემი ხარაგაული
- Ajara Times
- აი ფაქტი
- ბათუმელები
- ნეტგაზეთი
- TOK2Region
- სტუდია მონიტორი
- გურია ნიუსი
- პროექტი 64
- SK News
- ინფო იმერეთი
- ქუთაისიპოსტი
- გურიის მოამბე
“სინათლე მედია” მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა მედიასაშუალებები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. კერძოდ, გაზაფხულზე დამტკიცებული კანონები მედიას გრანტების მიღებას უზღუდავს, „უცხო ძალის“ გამტარებელ ორგანიზაციებად აცხადებს და სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხეს უქმნის. მედიებმა გაერთიანება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა გადაწყვიტეს.