17 დეკემბრის, ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე, პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლების მინიჭებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ. მისი განმარტებით, მედიის წარმომადგენლებს პროცესის გაშუქება სხდომის დასრულების შემდეგ შეეძლოთ. ცამეტივე პირს ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება-ბლოკირების მცდელობაში სდებენ ბრალს.
ჟურნალისტების განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომებზე აკრძალულია ფოტო-ვიდეოგადაღება, სხდომის დატოვების შემთხვევაში ისინი ფაქტობრივად მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, მოისმინონ პროცესის მიმდინარეობა და საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია. განსაკუთრებით პრობლემურია მრავალსაათიანი, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესები, სადაც სხდომის მიმდინარეობისას დარბაზის დატოვება ნიშნავს პროცესის დარჩენილი ნაწილის სრულად გამოტოვებას.
მედიის წარმომადგენლების შეფასებით, უკვე შეზღუდული რესურსების ფონზე, აღნიშნული პრაქტიკა ჟურნალისტებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის საჯარო ინტერესის მქონე სასამართლო პროცესების ეფექტიან გაშუქებას.
მედიისთვის სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გაშუქების არსებული პრაქტიკა, 26 ივნისს, ‘საერთო სასამართლოების შესახებ’ ორგანულ კანონში, დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს უკავშირდება. ცვლილებებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიის წვდომა სასამართლო პროცესებზე, მათ შორის აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება სასამართლოს შენობაში და გაუქმდა მაუწყებლებისთვის ადრე არსებული სპეციალური გაშუქების რეჟიმი.