ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.
„ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ საერთაშორისო კონტენტზე.
„ევრონიუს ჯორჯია“ საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ 2019 წელს დააფუძნეს. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია. საქართველოში მაუწყებლობა ტელეკომპანიამ 2020 წელს დაიწყო. საქართველოში, ბოლო ორ წელიწადში, სხვადასხვა მიზეზით 7-მა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მუშაობა.