კომუნიკაციების კომისია – საფრთხე დამოუკიდებელი მაუწყებლებისთვის 

28.01.2026

საქართველოს კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს მარეგულირებელ ორგანოს, რომლის მანდატი მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს ზედამხედველობას. კომისიის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მედიის გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში. კახა ბექაურს, რომელიც 2014 წელს კომისიის წევრად იყო არჩეული, ხოლო 2017 წლიდან თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაგეგმილია კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

კახა ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები გახდა მედიის თავისუფლებისა და უფლებების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, თავმჯდომარეობის დროს მარეგულირებელი ორგანო იღებდა შერჩევით და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაკუთრებით დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მედიის საქმიანობაზე კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობისა და სანქცირების გაფართოებული უფლებამოსილებები განისაზღვრა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რამაც არსებითად შეცვალა მარეგულირებლის როლი მედიის სფეროში და გააძლიერა მისი გავლენის სფერო.

CMIS-ის მიერ მომზადებულ მასალებში წარმოდგენილია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები და პრაქტიკა, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია მედიის უფლებების დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და რომლებიც მედიის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით კრიტიკულად შეფასდა.

დაჩქარებული წესით მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული დაუსაბუთებელი ცვლილებით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება ჩაერიოს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 1 აპრილს მიიღო. ცვლილების თანახმად, სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება; კერძოდ, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა.

ა) კანონში შესული ცვლილებების თანახმად, იკრძალება ე.წ. „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და “უცხოური ძალის” მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.

ბ) მაუწყებლებს აგრეთვე ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

) ცვლილებით შემოვიდა ასევე დეტალური რეგულაციები ტელე- და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე დაემატა რეგულაციები ფაქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევისა და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებისა და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.

2025 წლის 12 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში და ახალი თავი დაემატა „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“. ცვლილებებმა კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა კიდევ უფრო ფართო უფლებამოსილება. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიას შეუძლია მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ბანკებისგან სასამართლოს გზით გამოითხოვოს. ცვლილებები, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭების ტოლფასია და „მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია“.

კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ მიღებული ცვლილებების ფონზე კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული ქმედებები:

1. 2026 წლის 22 იანვარს კომუნიკაციების კომისიამ „რადიო მარნეული“ წერილობით გააფრთხილა გრანტის მიღების გამო. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ რეპრესიული ცვლილებიდან გამომდინარე მიიღო, რაც მედიასაშუალებებს უკრძალავს დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მიღებას.

2. „რადიო მარნეულმა“ 2025 წლის 9 ოქტომბერსაც მიიღო წერილობითი გაფრთხილება კომუნიკაციების კომისიისგან, იგივე მიზეზით “უცხოური ძალისგან” გრანტის მიღების გამო.

3. 2025 წლის 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

4. 2025 წლის 9 ოქტომბერს “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა კომუნიკაციების კომისიამ „რადიო-ტვ ნორსაც“.

5. 2025 წლის 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ წერილობით გააფრთხილა „სისტემა გამაც“. მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

6. 2025 წლის 3 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევებად სცნო „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე.

პარტიამ ტელევიზიებს ისეთი ტერმინების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და სხვ.

კომუნიკაციების კომისიის მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში, რომლებიც მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა აღრიცხა:

1. 2024 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომელიც ტელეკომპანიას კომისიამ 10 ოქტომბერს შეუდგინა. ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის კვლევით იხელმძღვანელა, სადაც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას კვლევის შედეგების შემოწმება მოსთხოვა. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, გადაწყვეტილება სისტემური მიკერძოების დასტური იყო, რომელიც „საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს“.

2. 2024 წლის 11 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიები „ფორმულა“, „TV პირველი“ და „მთავარი არხი“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არ გაშვების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კომუნიკაციების კომისიის დასკვნა.

„ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან ითხოვდა ეთერში გაეშვათ მისი პოლიტიკური რეკლამა — „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო. კომისია განცხადებაში მიუთითებდა, რომ „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებდნენ ყურადღებას.

Share