საქართველოში ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები 2024-2025 წლებში

03.02.2026

2024 წლის იანვრიდან ჟურნალისტების დროებითი დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც ძირითადად საპროტესტო აქციების გაშუქებისას ხდებოდა. ჯამში დოკუმენტირებულია 30 შემთხვევა. მათგან 27 დაკავება მოხდა ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების, არჩევნების შემდგომი პროტესტებისა და პროევროპული პროტესტების დროს. 30 ინციდენტიდან 19, 2025 წელს მოხდა. უმეტეს შემთხვევაში, დაკავებისას ჟურნალისტები ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს.

მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” დამფუძნებელი და დირექტორი, ორჯერ დააკავეს; სასამართლომ ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა, შემდეგ კი, სისხლის სამართლის.

2025 წელს გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე დაკავებული მედიის წარმომადგენლები

  1. 22 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, ინგოროყვას ქუჩასთან დააკავეს ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. დაკავების მომენტში იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. სასამართლომ მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა დააკისრა – 3 000 ლარი.
  2. 12 ნოემბერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოში დევნილობაში მცხოვრები აფგან სადიგოვი, გზის გადაკეტვის საფუძვლით მეორედ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
  3. 5 ნოემბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. იგი დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გაათავისუფლეს და ბოდიშიც მოუხადეს. დაკავების დროს ლიზა ციციშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  4. 3 ნოემბერს დააკავეს ონლაინპლატფორმა MediaChecker-ის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. დაკავების მომენტში იგი აშუქებდა აქციას. ნინია კაკაბაძის საქმეზე სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.
  5. 25 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელსაც სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
  6. 24 ოქტომბერს დააკავეს მწერალი და გამომცემელი, ინტელექტის მთავარი რედაქტორი და ფორმულას წამყვანი ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
  7. 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
  8. 24 ოქტომბერს დააკავეს ონლაინმედია Publika.ge-ის ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა საპროტესტო აქციას.
  9. 22 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელსაც 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
  10. 22 ოქტომბერს დააკავეს საქართველოში დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  11. 21 ოქტომბერს დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
  12. 21 ოქტომბერს დააკავეს ტელე-ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელსაც 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  13. 20 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და მას 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
  14. 19 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  15. 6 აპრილს, 2025 წელს, დააკავეს ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია. დაკავების დროს იგი არ ასრულებდა ჟურნალისტურ მოვალეობას. სორდიამ 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბრალი წაუყენეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.
  16. 19 თებერვალს, 2025 წლის გამთენიისას, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. მას ბრალი ედებოდა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). 20 თებერვალს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.
  17. 12 იანვრის ღამეს, 2025 წელს, ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ დააკავა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიციის უფროსთან დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც მან პოლიციის უფროსს სილა გააწნა. 6 აგვისტოს მას სისხლის სამართლის კოდექსით 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა (დეტალები ქვემოთ).
  18. 12 იანვარს, 2025 წელს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ დააკავა ბათუმელების ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე, რომელიც აქციას აშუქებდა. მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
  19. 11 იანვრის გვიან საღამოს, 2025 წელს, ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა მზია ამაღლობელი პროტესტის სტიკერის კედელზე გაკვრის გამო. იგი იმავე ღამეს გაათავისუფლეს წერილობითი ახსნა-განმარტების ხელმოწერის შემდეგ.

2024 წელს დაკავებული ან დაპატიმრებული ჟურნალისტები

  1. ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი 2024 წლის 12 დეკემბერს დააკავეს და სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
  2. 7 დეკემბრის ღამეს, 2024 წელს, Kavkazky Uzel-ის ჟურნალისტი ბესლან კმუზოვი დააკავეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის თანამშრომლების ფოტოგრაფირების შემდეგ. სასამართლომ იგი 2 000 ლარით დააჯარიმა და 8 დეკემბერს გაათავისუფლა.
  3. 7 დეკემბერს, 2024 წელს, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს მთავარი არხის ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი 9 დეკემბერს გაათავისუფლეს და სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.
  4. 1 დეკემბრის ღამეს, 2024 წელს, რუსთაველის მეტროსთან აქციის დაშლისას, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ იგი თავს ჟურნალისტად აცნობს პოლიციას, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც დააკავეს.
  5. ონლაინგამოცემა On.ge-ის ცნობით, 30 ნოემბერს, 2024 წელს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ ტაბუკაშვილი.
  6. 30 ნოემბერს, 2024 წელს, სპეცრაზმმა დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა რადიო თავისუფლების ახალი ამბების პროდიუსერს ბექა ბერაძეს. იგი საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ბერაძის თქმით, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა ამის მიუხედავად იგი დააკავეს.
  7. 19 ნოემბერს, 2024 წელს, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა მთავარი არხის ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, ხელი შეუშალა მის მუშაობას და დააკავა. ასევე დაზიანდა მისი სატელევიზიო აპარატურა.
  8. 3 მაისს, 2024 წლის გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა Tabula.ge-ის რედაქტორი გიორგი ბადრიძე. იგი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს წერილობითი ახსნა-განმარტების ხელმოწერის შემდეგ.
  9. 30 აპრილს, 2024 წელს, თავისუფალი ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი აქციას აშუქებდა, როდესაც სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა მასზე და შემდეგ დააკავა. მან ორი დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
  10. 30 აპრილს, 2024 წელს, პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა ifact.ge-ის ჟურნალისტი რობი ზარიძე კორდონში, სადაც სპეცრაზმმა მასზე ფიზიკურად იძალადა და შემდეგ დააკავა. იგი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  11. 23 იანვარს, 2024 წელს, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლება დაიწყო, ონლაინგამოცემა მთის ამბების დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი მოვლენას აშუქებდა, რა დროსაც პოლიციამ იგი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი მოგვიანებით გაათავისუფლეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს. დაკავების დღეს მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა უკანონო დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ იგი ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.
Share