2026 წლის 9 თებერვალის ღამეს, თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს – გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძესა და OC.Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს, უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
“მე და მარიამი ვტოვებდით აქციის ტერიტორიას. უცნობი კაცი მოგვიახლოვდა, თვალი-თვალში გაგვიყარა და თითის ქნევით გვითხრა – გაჩენის დღეს გაწყევლინებთო. პრესბარათებით და კამერით აღჭურვილები ვიყავით. პოლიციის სამი მანქანის გვერდით ხდებოდა ეს”, – დაწერა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში.
ვიდეომასალაში, რომელიც მედიამ გადაიღო, ჩანს, რომ როგორც კი კამერა ირთვება, უცნობი პირი სახეს მალავს და ცდილობს სწრაფად დატოვოს მიმდებარე ტერიტორია. იქვე ჩანს პოლიციის არაერთი მანქანა, თუმცა, სამართალდამცავები რეაგირებას არ ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ისმის, როგორ ეკითხებიან ჟურნალისტები უცნობ პირს, ვინ არის და რატომ იმუქრება.