2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ფლობენ საპარლამენტო აკრედიტაციას, ეძლევათ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. მედიის საქმიანობის ოპერატიული ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა ქმნიდეს პრაქტიკულ სირთულეებს ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მიმდინარე აქტუალური მოვლენების დროული გაშუქების თვალსაზრისით. საკითხი დამატებით მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მოქმედი რეგულაციით უკვე განსაზღვრულია აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვები მედიასაშუალებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, ონლაინგამოცემებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 ჟურნალისტით. აღნიშნული ცვლილება ნეგატიურად აისახება მედიის საქმიანობის ეფექტიანობაზე და ქმნის დამატებით ბარიერებს პარლამენტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის.
“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება 2023 წლის 6 თებერვლის საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესის დამტკიცებას უკავშირდება. აკრედიტაციის წესი, სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ სხდომების ვიდეო- და ფოტოგადაღება დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ რესპონდენტის უარის შემთხვევაში, ხოლო აპარატის უფროსს ენიჭება უფლებამოსილება „ღონისძიების სპეციფიკურობის“ ან „უსაფრთხოების რეჟიმის“ საფუძველზე შეზღუდოს აკრედიტებული ჟურნალისტების დაშვება, გადაადგილება ან ტექნიკის განლაგება. დოკუმენტში აღნიშნული კრიტერიუმები დაკონკრეტებული არ არის, რაც აჩენს ფართო დისკრეციის რისკს. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია აკრედიტაციის შეჩერება ერთი თვიდან ექვს თვემდე. აღნიშნულ რეგულაციებს კრიტიკა მოჰყვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან, შეფასებით, მსგავსი ნორმები უარყოფითად აისახება ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მედიის აკრედიტაციის წესები არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის კონტექსტში.