კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან – 9 მარტიდან, პრაქტიკაში აამოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებს.
“მაუწყებლის ქცევის კოდექსისა” და “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შესრულების მონიტორინგის გააქტიურების ინიციატივა ComCom-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებიდან მალევე მიიღო. უწყება მიიჩნევს, რომ ამ ტელევიზიების დასანქცირება „მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში”.
კომუნიკაციების კომისია იმოწმებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ და წერს, რომ ეს აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული ცვლილებები მიიღო. ეს ცვლილებები მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას უკავშირდება. კანონში შესული ცვლილებით:
- ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;
- პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;
- კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ეს განცხადება შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ. “განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ კომისია, რომელიც კანონით უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მედიის თავისუფლების გარანტი, საკუთარი განცხადებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზად არის გამოიყენოს რეგულირების მექანიზმები მედიის სარედაქციო საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ინსტრუმენტად”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.