06-03-2026
თბილისი
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს  სამართალდამცავები  “გზის გადაკეტვას” ედავებიან

ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა. 

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ იგივე ბრალდებით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია მედიის კიდევ ორი წარმომადგენლის მიმართ. შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავება – “ტაბულას” ჟურნალისტს მარიამ კუპრავასა და ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ: “სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს”,  – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.


2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჟურნალისტების მიმართ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 40-ზე მეტი ოქმია გამოწერილი.

Share
06-03-2026
1
ქალი: 1
სამართლებრივი დევნა | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი