პროევროპულ აქციებზე დაკავებული რუსი სამოქალაქო აქტივისტი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს და ზარებისა და პაემნების რაოდენობა შეუზღუდეს.
მისი ადვოკატის დარია სამოდუროვასცნობით, 2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია ზინოვკინა მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია “საიდუმლო სხდომის ოქმი”. შესაბამისად, რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი, უცნობია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში, რომელსაც ადვოკატი ავრცელებს, მითითებულია, რომ ანასტასია ზინოვკინა “საშიშროების მომატებული რისკის მსჯავრდადებულია”. ადვოკატი აცხადებს, რომ 15 იანვრის ბრძანებას უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებს.
ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა, ის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა. საქართველოში 2022 წლის ბოლოს ჩამოვიდა. იგი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს მეგობარ არტემ გრიბულთან ერთად. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. სასჯელის ზომად მათ 8.5 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ – აქციის მონაწილეებს ცხელი სასმელებით ამარაგებდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. ანასტასია ზინოვკინას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს.