“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.
გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია. მისივე თქმით, დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც protocol.ge-ზე და არც police.ge-ზე. როგორც საზღვარზე უთხრეს, მის სახელზე ჯარიმა 2025 წლის 5 სექტემბერს არის გამოწერილი. “მელიქიშვილზე იყო საპროტესტო აქცია, სადაც მეგაფონით ვიყავი”, – ამბობს იგი.
“თავისუფლების ფონდი” დავით ჯინჭარაძემ პროევროპული პროტესტის მონაწილეებისა და პოლიტპატიმრების დასახმარებლად დააარსა. ფონდს უცხოური ანგარიში აქვს. იგი ამბობს, აქციის მონაწილეების დასახმარებლად საქართველოში არსებულ ანგარიშებსაც იყენებდა, თუმცა, ყადაღის საშიშროების გამო მასზე დიდი ოდენობის თანხას არ ტოვებდა.