11-02-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, სასამართლოში მასალების დახევის გამო ორწლიანი პატიმრობა ემუქრება

სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება სასამართლოს სხდომათა დარბაზში საქმის მასალების დახევის გამო. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი, რა ბრალიც მარგიშვილს აქვს წაყენებული, გულისხმობს მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბაია მარგიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების შესახებ მოულოდნელად გაიგო. 10 თებერვალს დაუკავშირდნენ პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც საჩივარი აქვს შეტანილი და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.

ფაქტი, რომელზეც მარგიშვილს ედავებიან, 2025 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის მიერ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საქმეს განიხილავდა. „თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია…“ – თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა. მომხდარის გამო იგი 200 ლარით დააჯარიმეს და  დარბაზიდან გააძევეს.

Share
11-02-2026
1
ქალი: 1
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი