თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ არ დააკმაყოფილა ლაშა სონგულიას საჩივარი ე.წ. „ტროტუარზე დგომის საქმეზე“. სონგულია ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამო შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა სონგულიას 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 8 იანვარს მიიჩნია, რომ ქმედება შესაძლოა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდეს და საქმე შსს-ს გადასცა.
საქმის სისხლის სამართლის მიმართულებით გაგრძელება დაკავშირებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ლაშა სონგულია ადრე უკვე იყო სანქცირებული საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით – პირველად მას 5 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მოგვიანებით 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
სონგულია სააპელაციო სასამართლოში ასევე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას. თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.