16-03-2026
თბილისი
გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლომ შორენა შავლაყაძე სამართალდამრღვევად ცნო

შორენა შავლაყაძეს, შშმ პირის დედას, რომელიც თავისი და შვილის უფლებების დასაცავად აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.  16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შშმ პირის დედა და უფლებადამცველი, შორენა შავლაყაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

2025 წლის 16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

Share
16-03-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | სიტყვიერი შენიშვნა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი