25-03-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაციას გზის გადაკეტვის საფუძვლით 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აქციების აქტიურ მონაწილეს, ლაშა კაციას, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მან 7 თებერვალს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტა.

ლაშა კაცია  ნიკა კაციას ძმაა, რომელიც   წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2024 წლის 7 დეკემბერიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე, მანამ სანამ, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა კაცია მის დაკავებას პროტესტში მის მონაწილეობას უკავშირებდა. 

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

Share
25-03-2026
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი