სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედას, ელენე ახობაძეს, ანგარიშები დაუყადაღეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ელენე ახობაძემ გაავრცელა.
“გუშინ, ხარების დღესასწაულზე, აღდგომის კვირეულში, ამ „მორწმუნე“ ხელისუფლებამ სრულიად გაუფრთხილებლად დამადო ყადაღა არარსებულ ჯარიმაზე. არც შეტყობინება და არც ჯარიმა არ მომსვლია”, – დაწერა მან.
“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. გასული წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს. ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. იმ აქტივისტებს, რომელთაც ჯარიმები არ აქვთ გადახდილი, ანგარიშებს უყადაღებენ. ასეთი უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.