20-04-2026
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2025 წლის 5 მაისამდე გადიოდა. არხის მენეჯმენტმა მაშინ მიიღო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლეს. 20 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიასა და ტუხა კვინიკაძის ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ.

2024 წლის ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, აქციის მონაწილეები სატელევიზიო ეთერის გახსნასაც ითხოვდნენ. მოთხოვნას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

Share
20-04-2026
5
კაცი: 2 ქალი: 3
სამართლებრივი ინციდენტები
სასამართლო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო