24 აპრილს, დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებულმა ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკული ტელევიზია „TV პირველი“ მანიპულაციაში დაადანაშაულა. პოსტი ეხება ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებულ პირთა 60% რუსეთის მოქალაქე იყო.
ტელეკომპანია “იმედი” წერს, რომ “სტატისტიკური მაჩვენებლის მიღმა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ოპოზიციური მედია არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე, შენარჩუნებასა და საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან/და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ უკვე შეუწყდათ ან ჯერ არ შეწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა”.
პოსტის ვიზუალურ მასალაში გამოყენებულია ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ფოტო, ხოლო პოსტზე წითლად აწერია: „მანიპულაცია“.
ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლებისადმი კრიტიკული „TV პირველისა“ და მისი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პოსტებს ხშირად აქვეყნებს.