“რეპორტიორი საზღვრებს გარეშემ” (RSF) პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსი განაახლა, სადაც საქართველოს პოზიცია, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 21 ადგილით არის გაუარესებული. საქართველო 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს.
“გარემო კვლავ მტრული რჩება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ხოლო ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა იზრდება. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მეტად აგდებს ჟურნალისტებს მარგინალურ მდგომარეობაში, მათ ცენზურის საფრთხის წინაშე აყენებს და მნიშვნელოვნად ამცირებს სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის” – წერია RSF-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ ინდექსში საქართველოს შესახებ.
RSF-ის მიხვედით, პრობლემურია მდგომარეობა ტელევიზიებში, სადაც “გავრცელებულია მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია. ხოლო, მედიამფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს. ამის მაგალითია ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელმაც ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB), რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევას განიცდის. ხოლო, გაფართოებული რეგულაციები ხელისუფლებას მედიაკონტენტის მკაცრი კონტროლის საშუალებას აძლევს”.
ორგანიზაცია ასევე მიმოიხილავს პოლიტიკურ კონტექსტსაც და აღნიშნავს, რომ “ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიასთან ურთიერთობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას”.
გაკრიტიკებულია სამართლებრივი საკითხებიც. კერძოდ, RSF-ის ახალ ინდექსში წერია, რომ “მთავრობას არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ”. ასევე, აღნიშულია ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ.
უარყოფითად არის შეფასებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებიც. კერძოდ კი, მარეგულირებლის უფლებამოსილების გაფართოება, შეაფასოს შინაარსის სიზუსტე და მიუკერძოებლობა.
ინდექსში საუბარია ეკონომიკურ კრიზისზეც, რომელსაც დამოუკიდებელი მედია განიცდის უცხოური დაფინანსების ფაქტობრივი აკრძალვის პირობებში.
“ჟურნალისტები, რომლებიც სენსიტიურ თემებს აშუქებენ, გაძლიერებულ დევნასა და ზეწოლას განიცდიან. ფარული მიყურადების პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები საფრთხეს უქმნის წყაროს კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებას” – ნათქვამია RSF-ის ინდექსში.
საქართველოში პრესის მდოგმარეობის შეფასებისას ხაზგასმულია ჟურნალსიტების უსაფრთხოების საკითხიც.
“რეპორტიორების მიმართ ძალადობა გამწვავდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტურია, რაც დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. უსაფრთხოების გარემოს გაუარესება დამოუკიდებელი მუშაობისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცა და ხელს უწყობს საყოველთაო თვითცენზურას”.
უფრო დეტალური მონაცემები, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევების კრიტიკულ მაჩვენებლებზე „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ (CMIS) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ” (RSF) 2025 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა.