თბილისში საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებებისა და პატიმრობის შეფარდების ახალი შემთხვევები ფიქსირდება. 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა იმ საქმეებზე, რომლებიც, გზის სავალ ნაწილზე ან ტროტუართან დგომას/გადაადგილების შესაძლო შეფერხებას უკავშირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტი დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ქაშიაშვილი სასამართლოს დარბაზიდან პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში არ ფიგურირებს არცერთი დაზარალებული პირი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქაშიაშვილის ქმედებამ გადაადგილებაში ხელი შეუშალა. ასევე არ არის წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სამოქალაქო აქტივისტ ნინო პეტრიაშვილს, რომელიც 13 წლის შვილის დედაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა. უწყების პოზიციით, 7 თებერვალს, შაბათის მარშის ერთ-ერთ დღეს, მარშის დასრულების შემდეგ პეტრიაშვილი არ გადავიდა პარლამენტის წინ ტროტუარზე და 21:00 საათის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში გზის სავალ ნაწილზე იდგა.
სასამართლო სხდომაზე ნინო პეტრიაშვილმა განმარტა, რომ ის თითქმის ყველა მარშს ესწრება და პოლიციის მოწოდების შემთხვევაში, როგორც წესი, ტროტუარზე გადადის. მისი თქმით, 7 თებერვალს პოლიციის მხრიდან მკაფიო მოწოდება არ ყოფილა, რის გამოც მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ ადგილზე დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. პეტრიაშვილის შეფასებით, სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება 7 თებერვლის ეპიზოდზე არაერთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა.
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ასევე მოძრაობა „ერას“ წევრს, მსახიობ თამარ თევზაძეს. თევზაძე სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პოლიციამ იგი ქუჩაში დააკავა და ხელბორკილები დაადო. არსებული ინფორმაციით, მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა საქმეზე, რომელიც ასევე ტროტუარზე/გზის სავალ ნაწილთან დგომას უკავშირდება.