საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორს გივი ჩიმაკაძეს მორიგი სანქცია დააკისრა. დირექტორის ბრძანებით, გივი ჩიმაკაძეს მაისის თვის შრომითი ანაზღაურებიდან 30% დაექვითება.
ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციამ არ მიიღო ოპერატორის მიერ წარდგენილი საავადმყოფო ფურცელი, ე.წ. ბიულეტენი, გაცემული თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკის მიერ 2026 წლის 15 აპრილს. ბრძანებაში უარის მიზეზად დასახელებულია ის, რომ ბიულეტენში მითითებულ პერიოდში (15 – 20 აპრილი), ჩიმაკაძე სხვა დამსაქმებლის სასარგებლოდ მუშაობდა.
“ეს ის სამსახური იყო, რომლიდანაც სიგნალს საზოგადოებრივი მაუწყებელი ღებულობდა ისევ და ისევ ბიულეტენზე გასული ოპერატორის თანამონაწილეობით”, – წერს ჩიმაკაძის კოლეგა გიგა კიტია, რომელიც, ასევე არაერთხელ არის დასანქცირებული.
მეორე სანქციაა ეს გივი ჩიმაკაძისთვისაც. ამავე წლის 11 თებერვალს, გივი ჩიმაკაძეს სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელების გამო საყვედურიგამოუცხადა.
პირველი არხის ადმინისტრაციამ, არხის სარედაქციო პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარება ერთი წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდში, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეპრესიები 30-მდე თანამშრომელს შეეხო.