კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაუდგინა და სანქციის სახით, 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქმის წარმოება კომისიაში თავად უწყების მიერ ჩატარებული აპრილის თვის მედია მონიტორინგის საფუძველზე დაიწყო. კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კერძოდ, 54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები. კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” დააჯარიმა ახალი ამბების პროგრამებში გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი. ასევე, პრობლემურად მიიჩნია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში გაშვება ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე და ეს ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევად ჩათვალა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. წერილობითი გაფრთხილება “ფორმულამ”, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, 8 აპრილს მიიღო. იმ შემთხვევაშიც, კომკომი, არხს იდენტურ საკითხებს ედავებოდა.
“თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა”, – ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო.