ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტი ჟურნალისტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის, მეორე პუნქტის ქვეპუნქტის დარღვევას ედავება. რაც გულისხმობს, „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”.
ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ განმარტებით წერილში საუბარია 2026 წლის 23 ივნისს „ახალი ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.