30-06-2024
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის ივნისი

კონტექსტი

2024 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული უფლებადარღვევები კვლავ გაგრძელდა და შეინარჩუნა სისტემური ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ მაისთან შედარებით საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა, აქტივისტების მიმართ ძალადობის, დაშინებისა და სამართლებრივი ზეწოლის პრაქტიკა კვლავ თვალსაჩინო იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის ოფისის დაზიანების ფაქტიც, რაც მიუთითებდა დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოზე და ზრდიდა პოლიტიკურ აქტორებთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებების რისკებს.

დოკუმენტირებული შემთხვევები მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დაკავებებს, ისე ფიზიკური ძალადობის, ქონების დაზიანებისა და ირიბი ზეწოლის ფაქტებს. ინციდენტების ნაწილი უკავშირდება აქტივისტების სამოქალაქო და საპროტესტო საქმიანობას, რაც მიუთითებს კრიტიკული გამოხატვის მიმართ მტრულ გარემოსა და მსუსხავი ეფექტის შექმნის რისკზე. 

ინციდენტები

2024 წლის 3 ივნისს, აქტივისტი დავით კუპრავა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს, კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ უჩივლა, რაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს მოქალაქემ მას მანქანიდან მოღალატე დაუძახა. წილოსანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს “ადევნებას”. 

2024 წლის 5 ივნისს, ბიზნესმენი და ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი იოსებ ბაბაევი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით სუს-მა დააკავა და სცემა. უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლა. ბაბაევი მისი დაკავების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ სამართალდამცველები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში სცემდნენ. ბაბაევის თქმით, მის დაკავებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფრო ხელმძღვანელობდა.

2024 წლის 7 ივნისს, სტუდენტს და აქტივისტს ნიკო მანაგაძეს თსუ-ის პირველ კორპუსთან 4-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ უძღვოდა მანაგაძის მიერ დაანონსებული საპროტესტო შეკრება თსუ-სთან, სადაც მომიტინგეები “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უნდა დახვედროდნენ. პროეტესტი ე.წ. “ქართული ოცნების” არადემოკრატიულ პოლიტიკას უკავშირდებოდა, მათ შორის ე.წ. “რუსული კანონის” მიღებას.  

2024 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ლექცია უნდა ჩატარებულიყო, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის პარალელურად, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები, ე.წ „ტიტუშკები“, უნივერსიტეტის დერეფანში და გარე პერიმეტრზე იყვნენ მობილიზებულები. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. 

2024 წლის 9 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია “გრასის” თანამშრომელს, მარიამ წიწიკაშვილს, “ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან აეროპორტში შეკამათების შემდეგ, პოლიციელებმა პასპორტი ჩამოართვეს და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. 

2024 წლის 11 ივნისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნებიდან ერთ საათში, აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ძალადობრივი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა. პოსტში პაპუაშვილი ხაზს უსვამდა, რომ თითქოს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი ურეკავდა პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით, ბერძენიშვილს  ჩასაფრება სახლთან მოუწყვეს, უკნიდან მიეპარნენ, ურტყამდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. მიყენებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ბერძენიშვილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

2024 წლის 11 ივნისს, ორბელიანის მოედანზე, სადაც სტუდენტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვედროდნენ, სტუდენტებს ე.წ „ზონდერ-დაჯგუფებები“ დახვდნენ. ვინაიდან ორბელიანის მოედანზე დაგეგმილი აუდიენციის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა აგრესიულმა ჯგუფები ადგილზე მობილიზდნენ. ისინი პრეზიდენტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, „რეზიდენტსა“ და „მოღალატეს“ უწოდებდნენ და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ. სიტყვიერი აგრესია მიმართული იყო როგორც თავად სალომე ზურაბიშვილის, ისე შეხვედრის მონაწილე სხვა პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ორგანიზატორების განცხადებით, ამდაჯგუფებების მთავარი მიზანი ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგება და ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩათრევა იყო, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა და მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.

2024 წლის 13 ივნისს, გორგასლის გამზირზე, სუპერმარკეტ ფრესკოში, აქტივისტ ბექა პაპაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, პირადი მცველი. პაპაშვილმა განაცხადა, რომ სუპერმარკეტიდან გამოსულს თავს „ზონდერები“ დაესხნენ, ერთ-ერთი მათგანი კი, სავარაუდოდ, დეპუტატის შვილი იყო. ინციდენტი მოჰყვა პაპაშვილის მიერ, ოდიშარიასთვის „მონისა“ და „რუსის“ დაძახებას. 

2024 წლის 17 ივნისს, ე.წ.რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლერი დარჯანიას ჩასაფრება დილით მოუწყვეს. სახლიდან გამოსულ აქტივისტს ფიზიკურად ათამდე არაიდენტიფიცირებული პირი გაუსწორდა. მას დაზიანებები სახის არეში მიაყენეს, რის შედეგადაც, საჭირო გახდა აქტივისტის ჰოსპიტალიზაცია.

Share
30-06-2024
9
9
კაცი: 6 ქალი: 1
დაკავებაადმინისტრაციული სამართლის დაკავება (1) · სისხლის სამართლის დაკავება (1)
ირიბი ზეწოლა („chilling effect")აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე (1)
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვააქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა (1)
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობაფიზიკური დაზიანების მიყენება (4) · ძალის გადამეტება დაკავების, ტრანსპორტირების ან აქციის დაშლის დროს (1)
არაიდენტიფიცირებული პირები | სუს / სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი