კონტექსტი
2024 წლის მაისი ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევები მკვეთრად გააქტიურდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი, უწყვეტი და ინტენსიური საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში.
საანგარიშო პერიოდში დოკუმენტირებულია არაერთი ინციდენტი, მათ შორის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებები, ძალადობის მძიმე ფაქტები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, დაშინება და ფინანსური სანქციების გამოყენება. ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა მშვიდობიან შეკრებებსა და საპროტესტო აქციებს, სადაც ფიგურირებდნენ სამართალდამცავი ორგანოები ან მათთან ასოცირებული პირები, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და კრიტიკული აქტივიზმის ჩახშობის ტენდენციაზე.
ინციდენტები
2024 წლის 1-ლ მაისს, რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია დაშალა. აქციის დაშლისას სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა არაერთი ადამიანი. მათ შორის იყო 25 წლის ბიჭი ნიკა დემურიშვილიც, რომელსაც სპეცრაზმელებმა სავარაუდოდ რეზინის ტყვია ესროლეს. დემურიშვილმა დაზიანება სახის არეში მიიღო. მათ შორის, რეზინის ტყვია ესროლეს. კონსტანტინე ჩახუნაშვილს. მისი თქმით, ტყვია ხელსა და ბარძაყის არეში მოხვდა. 2 მაისს, 01:30 საათისთვის, უკვე ჰოსპიტალიზებული იყო 8 მოქალაქე.
განცხადება გაავრცელა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, უარი ეთქვა კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე.
2024 წლის 1-ლ მაისს, ზუგდიდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა დააკავეს
2024 წლის 3 მაისს, თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში”, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება მიმდინარეობდა, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულ აქციაზე სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. პოლიციელებმა დააკავეს 1 მოქალაქე.
2024 წლის 3 მაისს, მასწავლებელს და აქტივისტს ლადო აფხაზავას სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და შვილთან ერთად ყოფნისას, ხის ხელჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2024 წლის 3 მაისს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა 5 მოქალაქე.
2024 წლის 7 მაისს, IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, შვედეთის საელჩოსთან, ინტერვიუს მიცემისას თავს დაესხნენ უცნობი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2024 წლის 8 მაისს, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს, არაიდენტიფიცირებულმა პირებმა საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა 2-ზე მეტმა ადამიანმა განახორციელა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბეისბოლის ხის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები.
2024 წლის 8 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე მოქალაქეს, ნესტან ანანიძეს თბილისში, “გამარჯვების პარკში”, ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქე თვლის, რომ მიზეზი მაისური გახდა, რომელსაც აწერია “არა რუსულ კანონს.” “გამარჯვების პარკში” ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა, რომელსაც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
2024 წლის 8 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს უკრაინის მხარეს მებრძოლი გიორგი შანიძე. მას პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა.
2024 წლის 9 მაისს, პოლიციამ საცხოვრებელ სახლში დააკავა სამოქალაქო აქტივისტი და სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე.
2024 წლის 9 მაისს, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება. “TV პირველის” ინფორმაციით, დაკავებული იყო მინიმუმ, 5 ადამიანი.
2024 წლის 9 მაისს, პოლიციამ ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებისა (სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლის ბრალდებით (სსკ-ის 353 პრიმა მუხლი), დააკავა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353 პრიმას პირველი ნაწილი), დააკავა აქციის მონაწილე ირაკლი მეღვინეთუხუცესი.
2024 წლის 9 მაისს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 4 პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. მას ტელეფონიც წაართვეს. თავდასხმა მარნეულში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
2024 წლის 9 მაისს, ბაიკერებს, რომლებიც ე.წ. “რუსული კანონის” აქტიური მოწინააღმდეგეები არიან, საკუთარი მოტოციკლები დილით დაზიანებული დახვდათ.
2024 წლის 10 მაისს, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა სამოქალაქო აქტივისტი და უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი.
2024 წლის 10 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. მომიტინგეები ყვებოდნენ, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს.
2024 წლის 10 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის დროს, დააკავეს რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი. აბდუშელიშვილის თქმით მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგადაც მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
2024 წლის 10 მაისს, ვიდეოგრაფ გიორგი ჯობავას არაიდენტიფიცირებულმა პირებმა ის მანქანა დაუზიანეს, რომლითაც აქტივისტი აქციის მონაწილეებს ყავა/ჩაით უმასპინძლდებოდა.
2024 წლის 10 მაისს, ჩასაფრება მოუწყვეს “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ბექა ბერიძესაც. ბერიძის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს დააფიქსირეს მანქანა და ის გააფრთხილეს, რომ სახლში არ დაბრუნებულიყო.
2024 წლის 10 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე სანდრო ქინქლაძე წერდა, რომ მის სახლთან ჩასაფრებას უწყობდნენ. ქინქლაძემ სოციალურ ქსელში იმ ავტომობილის ფოტოც გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით, მას ელოდებოდა.
2024 წლის 10 მაისს, “გირჩი ტივის” თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ზურა გირჩი ჯაფარიძე წერდა, რომ სავარაუდოდ, მიზეზი შესაძლოა წინა დღეს იმედისა და პოსტვის მიერ, წლების წინანდელი ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაციის გავრცელება იყო.
2024 წლის 11 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” აქციების მონაწილესთან, შეფ ნოდარ ტურაშვილთან, პოლიცია დაახლოებით 18:00 საათისთვის მივიდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ინფორმაცია მან ფეისბუქზე თავად გაავრცელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თითქოსდა „ქურდობის ფაქტთან“ დაკავშირებით ჰყავდათ გამოკითხვაზე ორთაჭალის იზოლატორში გადაყვანილი. ტურაშვილი აღნიშნულ ინციდენტს მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებს.
2024 წლის 11 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტებს ჩასაფრებებს მთელი ღამის განმავლობაში უწყობდნენ – ე.წ ტიტუშკების სამიზნეები დაფიონის წევრები – ზვიად ცეცხლაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი გახდნენ. მოძრაობა “დაფიონის” დამფუძნებლებს სახლებთან ნიღბიანი მამაკაცები მივიდნენ, აქტივიტებს აგინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. უცნობი საკუთარ სახლთან სავარაუდო მოძალადეები ელოდებოდნენ რატი ამაღლობელსაც
2024 წლის 12 მაისს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ფრიდონ ბუბუტეიშვილს, ირაკლი მეღვინეთუხუცესსა და გიორგი შანიძეს.
2024 წლის 12 მაისს, პოლიციამ დააკავა გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი. სასამართლომ კი იმავე დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორივე პირს პატიმრობა შეუფარდა.
2024 წლის 12 მაისს, ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
2024 წლის 13 მაისს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია დაშალა. პარალელურ რეჟიმში, არაერთი მედიასაშუალება ავრცელებდა სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს.
პარლამენტთან აქციაზე, სადაც მოქალაქეები ე.წ “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ, 23 ადამიანი დააკავეს. ომბუდსმენის შეფასებით, 23 დაკავებულიდან 22 პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდა. აქციაზე დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები: გურამ ადამია, მალხაზ გორგიძე, ირაკლი ზარქუა, პატრიკ ჰერნანდესი, ბრაიან ჯეი ბინგემი, გუკა რჩეულიშვილი, გიორგი კემულარია, ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი, ზურა ხომერიკი, კახა კვეკვესკირი.
აქციაზე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ უკრაინის ომის ვეტერანს, ნადიმ ხმალაძესაც. ის ჯერ დააკავეს, სცემეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
2024 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც საზოგადოება ე.წ “რუსული კანონის” სახელით იცნობს, მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილე 116 დეპუტატიდან კანონპროექტს მხარი 84-მა დაუჭირა.
კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტებს. კრიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული ტერმინოლოგია სტიგმატიზების საფრთხეს ქმნის და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ზღუდავს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალკვირიანი მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში და სხვა ქალაქებში. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ინიციატივა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც მიუთითებდნენ, რომ მსგავსი ტიპის კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები ხშირად ავლებდნენ პარალელს რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობასთან, რომლის ამოქმედების შემდეგაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა. მათი შეფასებით, რუსეთში აღნიშნული კანონი წლების განმავლობაში ეტაპობრივად გამკაცრდა და საბოლოოდ გავრცელდა როგორც ორგანიზაციებზე, ისე ცალკეულ ფიზიკურ პირებზე.
2024 წლის 14 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი.
2024 წლის 14 მაისს, გმირთა მოედანზე, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, “TV პირველის” ცნობით, მინიმუმ 3 ადამიანი იქნა დაკავებული. დაკავებულთაგან 1 კონსტანტინე თოხაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
2024 წლის 14 მაისს, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ის 353 პრიმას პირველი ნაწილი) ბრალდებით დააკავეს კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი და აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილი.
2024 წლის 14 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ათობით სპეცრაზმელმა აქტივისტი დავით ქაცარავა, ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით ცემით გაუსწორდა. ქაცარავა დააკავეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
2024 წლის 15 მაისს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა ავტომობილი შენიშნეს, საიდანაც ხის ხელჯოხებით შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. უცნობი პირები ადგილიდან გაიქცნენ, მას შემდეგ რაც ახალგაზრდებმა მობილიზება და კადრების გადაღება დაიწყეს.
2024 წლის 15 მაისს, ირაკლი მილაძეს, სტუდენტს, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრას ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ აწყობდა, თავს დაესხნენ. სტუდენტის თქმით, აგრესიულმა დაჯგუფებამ, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები არიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ჩასაფრება მოუწყვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აგინეს.
2024 წლის 16 მაისს, პარლამენტთან, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე, (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი) დააკავეს 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი.
2024 წლის 16 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ზუკა ჩაკვეტაძეს დაკავების დროს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ შემდეგ საპოლიციო მანქანაშიც. ჩაკვეტაძის თქმით, აქტივისტს მინიმუმ 10 სამართალდამცავი ურტყამდა.
2024 წლის 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 54 აქტივისტის საქმე განიხილებოდა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
2024 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა ზვიად დალაქიშვილი, “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელიც სპეცრაზმმა ჯერ გაიტაცა და შემდეგ სასტიკად ცემა. 2200 ლარით დააჯარიმეს ასევე ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი თორნიკე ქეთელაური.
2024 წლის 24 მაისს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 6 აქტივისტი 500-500 ლარით დააჯარიმა. შსს აქტივისტებს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
2024 წლის 30 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დგომისთვის აბიტურიენტი საბა პაპაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. მას გამოძიება გზის გადაკეტვას ედავებოდა.
2024 წლის 30 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დგომისთვის მსახიობ ანანო მახარაძეს საქალაქო სასამართლოში შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – გზის გადაკეტვას ედავებოდა.
2024 წლის 31 მაისს, სამოქალაქო აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და მისი ოჯახის წევრებს “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია “POSTV” თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეგრელოში, სოფელში, სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ჩასულები, “POSTV”-იც ჩავიდა. ვიტალი გუგუჩიას ფიზიკურად “POSTV”-ის ოპერატორი გაუსწორდა. ოპერატორი თავს დაესხა ასევე მისი ოჯახის წევრებს. ”POSTV-ის გადამღები ჯგუფის მხრიდან ვიტალი გეგუჩიაზე თავდასხმის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება “POSTV”-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.