კონტექსტი
2025 წლის ნოემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების მიმართ დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების სისტემურ პრაქტიკას აჩვენებს, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებებთან დაკავშირებით. თვის განმავლობაში არაერთ მოქალაქეს შეეფარდა როგორც ხანმოკლე, ისე რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
გარდა ამისა, დაფიქსირდა სისხლისსამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევაც, როდესაც სამოქალაქო აქტივისტს პროკურატურა გზის განმეორებით ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ე.წ “სინდისის პატიმრების” საქმეების სააპელაციო განხილვები, სადაც უმეტესწილად სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა.
ნოემბერში ასევე გამოვლინდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ მარშის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. პარალელურად, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ინციდენტიც, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილე პირის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.
მთლიანობაში, ნოემბრის ინციდენტები ადასტურებს სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმების აქტიურ გამოყენებას საპროტესტო აქტივობებში ჩართულ მოქალაქეთა მიმართ, ასევე აქტივისტთა წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებს.
2025 წლის 1-ლ ნოემბერს, ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკავეს. მას პროკურატურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 3 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლალი გარშაულიშვილმა, მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2025 წლის 1-ლ ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილ წარმომადგენელს, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ დიპლომატ გიორგი წიქარიშვილს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
2025 წლის 1-ლ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მერიოტის მოპირდაპირედ დააკავეს ლევან ბუტიკაშვილი.
2025 წლის 4 ნოემბერს, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის საპროტესტო აქციების მონაწილეები დააკავა. დაკავებულებს შორის არიან: პოეტი პაატა შამუგია, ბექა აგულაშვილი, ვაჟა ბერიშვილი, ანუკა გამსახურდია და ნიკოლოზ დარსანია. მათ შსს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით დაკავებული აქტივისტების პროცესები 5 ნოემბერს მიმდინარეობდა:
- პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
- ანუკა გამსახურდიას 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
- ნიკოლოზ დარსანიას 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
- 70 წლის ვაჟა ბერიშვილს 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მან იზოლატორი რამდენიმე საათში დატოვა;
- ბექა აგულაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
2025 წლის 5 ნოემბერს, საბჭოთა წარსულის მკვლევარს, პედაგოგს, ისტორიკოსს, რუსიკო კობახიძე პოლიციამ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავა. მას ღამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ არასრულწლოვანი, 15 წლის ანდრია ხამაშურიძე დააკავა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, მოზარდი პოლციიამ ძალის გამოყენებით ჩასვა დაკავების მანქანაში. მოგვიანებით, ანდრია გაათავისუფლეს.
2025 წლის 6 ნოემბერს, პროევროპული აქციების მონაწილე, ნუგზარ კირთაძე ამბობს, რომ ე.წ. ტიტუშკებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და სასტიკად სცემეს. მისი თქმით, მინიმუმ ორი ნიღბიანი მას სადარბაზოში დახვდა და ზურგიდან ჩაარტყა. მიყენებული დაზიანებების გამო, როგორც კირთაძე იხსენებს, რამდენიმე წუთით მან გონებაც დაკარგა.
2025 წლის 7 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტი ბაია მარგიშვილი, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს ეზოში დააკავეს. მარგიშვილს შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
2025 წლის 7 ნოემბერს, კონსტანტინე მიქაიას 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება კობა ჩაგუნავამ მიიღო. შსს მას 19 და 20 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
2025 წლის 12 ნოემბერს, პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის 2-წლიანი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ძალაში დატოვა.
საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, თავისუფლების მოედანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და შავებში ჩაცმულ უცნობ პირებს შორის, რომლებიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად იყვნენ შეკრებილები.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. თუმცა სასამართლო განხილვების პროცესში პროკურატურამ ბრალდება შეამსუბუქა და სხვიტარიძეს ბრალად კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარუდგინა. საბოლოოდ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტი დამნაშავედ ცნო 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) პირველი ნაწილით და მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმაც უცვლელად დატოვა.
2025 წლის 13 ნოემბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, პედაგოგს, ისტორიკოსს, რუსიკო კობახიძეს, უკვე მეორედ გზის გადაკეტვის საბაბით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლი), სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
2025 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ზანდუკელის ქუჩის მიმდებარედ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა ჩაუხერგა და საფეხმავლო გზაზე გადაადგილების საშუალება არ მისცა. პოლიციელებს ადგილზე კორდონი ჰქონდათ გაკეთებული. აქციის მონაწილეებს კი სურდათ, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან მარშით მისულიყვნენ.
2025 წლის 19 ნოემბერს, სინდისის პატიმრის მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე დააკავა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის თქმით, ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
2025 წლის 22 ნოემბერს, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე დაკავებები დაიწყო. „წვრილმანი ხულიგნობის“ საბაბით დააკავეს რეჟისორი გიორგი სავანელი. მასთან ერთად დაკავებულები არიან: ლუკა ჭოხონელიძე, ოთო ირემაძე, დავით გუნაშვილი, მარიამ მეყანწიშვილი, ცოტნე მირცხულავა, სოფო მარკოზია.
აქციაზე დაკავებულ რეჟისორ გიორგი სავანელს, 24 ნოემბერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.