2026 წლის 1 ივლისს, საგამოძიებო სტუდია “მონიტორის” ონლაინ პლატფორმებზე კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მედიასაშუალება შეტევის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – “ტრამპ თაუერი” თბილისში – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელი და რუსული კავშირები”. გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლების ჯგუფმა დაიწყო ყველა იმ მასალის “დერეპორტება” youtube-სა და facebook/instagram-ზე, რომლებიც შეეხება არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს. ამ თემაზე, ბოლო პერიოდში, “სტუდია მონიტორმა” ორი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.
“კოორდინირებული კიბერ-შეტევის შედეგად META-მ შეგვატყობინა, რომ მათი პლატფორმიდან წაიშალა “მონიტორის” რამდენიმე მასალა, ხოლო “იუთუბიდან” – ერთი ვიდეო, რომლებიც შეეხება სწორედ არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული კომპანიების კავშირებს. ამასთან სხვადასხვა თაღლითურ ქსელებთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც, მოთხოვნილია ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების აღება “მონიტორის” ვებგვერდიდან”, – ვკითხულობთ გამოცემის განცხადებაში.
“მონიტორმა” გაასაჩივრა “იუთუბისა” და “მეტას” გადაწყვეტილებები, ასევე, ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას ამ კოორდინირენული შეტევის უკან.