09-07-2026
თბილისი
საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს “ფორმულას” მესამე თანამშრომელი, ოპერატორი მიშო მარტაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანიის მესამე თანამშრომელი, ოპერატორი მიშო მარტაშვილიც.  

მისი გამოკითხვის შემდეგ „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა „მედიაჩეკერთან“ განაცხადა, რომ ოპერატორის გამოკითხვით თბილისის პროკურატურამ დაასრულა ყველა იმ ადამიანის გამოკითხვა, ვისაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის.

შეგახსენებთ, 2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ  – სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდარავას განცხადება. იგი “ფორმულას” მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. ამ სიუჟეტების წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

იგივე საქმის ფარგლებში პროკურატურაში უკვე გამოკითხეს გადაცემის ავტორი და წამყვანი, დავით ქაშიაშვილი და სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე.

იგივე სიუჟეტების გამო, გოგა ხაინდრავას “ფორმულას” წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც აქვს. იგი ტელეკომპანიას უჩივის ცილისწამებისთვის და მორალური ზიანის ასანაზრაირებლად 10, 000 ლარს ითხოვს.

Share
09-07-2026
1
1
კაცი: 1
სამართლებრივი ინციდენტიგამოკითხვა (1)
ადმინისტრაციული ორგანო | პროკურატურა
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი