25 ივლისს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა. გავრცელებულ განცხადებაში მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა:
“YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა: პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას; მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს; მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას – ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა” წერია განცხადებაში.
„მონიტორი“ ამ ტიპის შეტევებს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობად განიხილავს. “თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან“ – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ “მონიტორის” სოციალურ ქსელებზე კოორდიბირებული შეტევა, მანამდე ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა Meta-მ “მონიტორის” რამდენიმე მასალა ე.წ რეპორტების შემდეგ წაშალა. როგორც “მონიტორის” განცხადებაშია აღნიშნული, Meta-მ საჩივრის შემდეგ, აღადგინა მასალები.
ამჯერად, “„მონიტორის“ გუნდი აქტიურად მუშაობს კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის (იგულისხმება Youtube)დროულად აღსადგენად” წერია განცხადებაში.