თბილისის საკრებულოსთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ წიწარიშვილი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. წიწარიშვილი 28 ივლისს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები 26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებულ აქტივისტებს უცხადებდნენ სოლიდარობას, აქციის მონაწილეებს ბანერებზე ეჭირათ პასუხი თორნიკე თოშხუას ბანერზე დასმულ კითხვაზე, რომლის გამოც 26 ივლისს პოლიციამ 10 მოქალაქე დააკავა.
იურისტი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მოქალაქეების დაკავებები დაუსაბუთებელია და რეალურად არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვის დევნას წარმოადგენს.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვხედავთ უსაფუძვლო დაკავებებს და რეალურად ეს არის არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვის დევნა“, – განაცხადა არევაძემ. მისივე თქმით, პრაქტიკად იქცა დემონსტრაციების ფარგლებში დაკავებული აქტივისტებისა და მოქალაქეების დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათით მოთავსება. არევაძის განმარტებით, თუ 48-საათიანი ვადის ამოწურვამდე საქმე სასამართლოში არ შევა და დაკავებულები სასამართლოს წინაშე არ წარდგებიან, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.