03-08-2026
თბილისი
მესამე კიბერშეტევა “მონიტორზე” ბოლო ერთ თვეში – ამჯერად დაბლოკეს მედიის Facebook-ის გვერდი 

2026 წლის 3 აგვისტოს, დილით, საგამოძიებო მედია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დაიბლოკა მათი Facebook-ის გვერდი.  „მონიტორმა“ Meta-სგან მიიღო შეტყობინება, თითქოს მათ საავტორო უფლებები დაარღვიეს. მედიამ „საავტორო უფლებების დარღვევა“ კატეგორიულად გამორიცხა. 

სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი გვერდის დაბლოკვას უკავშირებს ჟურნალისტურ გამოძიებას თაღლითური ქოლცენტრების შესახებ, რომელიც  დღეს უნდა გამოქვეყნდეს. მედიას ამის შესახებ ანონსი უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა. 

Meta-სთან კომუნიკაციის შედეგად, “მონიტორის” გვერდი იმავე დღეს, საღამოს აღდგა.  

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც “მონიტორის” პლატფორმები კიბერთავდასხმის სამიზნე ხდება. 25 ივლისს გაითიშა „სტუდია მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც გასაჩივრების შემდეგ აღდგა.  1 ივლისს კი, Meta-მ წაშალა რამდენიმე მასალა “მონიტორის” Facebook-ზე,  Instagram-სა და YouTube-ზე. 

საგამოძიებო მედიის ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა, ყველა ჯერზე, გაურკვეველი ელექტრონული მისამართებიდან შესული საჩივრების გამო მოხდა. კიბერთავდასხმები დროში დაემთხვა მედიის მიერ გამოქვეყნებულ მწვავე საგამოძიებო ფილმებს. გასული ორი ტავდასხმისას, ერთ შემთხვევაში გამოძიების თემა იყო – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელისა და მათთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიების რუსული კავშირები. მეორე შემთხვევაში თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახსთან და მერის კორუფციულ გარგებებთან დაკავშირებული გამოძიებები. 

ამ კიბერთავდასხმების შემდეგ, “მონიტორმა” გაარკვია, რომ ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა მარტივად არის შესაძლებელი და თანხა, რასაც ამ მომსახრებაში იხდის დამკვეთი, 3-დან 5 ათას დოლარამდეა. მაგალითად, ეს თანხა გადაუხადეს “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვაში ვინმე ადიტია სინგჰს. მან “მონიტორს” დაუდასტურა, რომ მათი YouTube-ის დაბლოკვა მას დაუკვეთეს, თუმცა, არ გაუმჟღავნა ვინ იყო დამკვეთი, რადგან რეალური კლიენტი მას სხვა „შუამავლის“ მეშვეობით დაუკავშირდა

„სტუდია მონიტორი“ მწვავე ჟურნალისტური გამოძიებებით გამოირჩევა. ამის გამო, ბოლო პერიოდში, ის არაერთხელ გახდა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის სამიზნეც. 

Share
03-08-2026
1
1
ორგანიზაცია: 1
კიბერთავდასხმა (1)
დაუდგენელი
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი